კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის პირველ მატჩში თბილისის „დინამომ“ აუტსაიდერი „გაგრა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ლუკა კეკლიძე საჯარიმოში ერთ მეტოქეს გაცდა და პასი კარის წინ მდგომ უკრაინელ ფორვარდ ანდრი ანდრეიჩუკს გაუკეთა, რომელმაც შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა.
თამაშის მიწურულს „დინამომ“ დიდი ძალით შეუტია და კინაღამ საკუთარ კარში მეორე გოლი მიიღო. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა საბა ზოიძემ პასი საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ბრაზილიელ ვანდერსონ სილვას გაუკეთა, რომელმაც ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.
ამის შემდეგ, გიორგი დარსანიამ აშკარად იჩქარა და ბურთი კარის ჩარჩოში ვერ გაგზავნა, არადა, მომენტის უკეთესად გამოყენება შეეძლო. მატჩის ბოლო წუთზე „დინამოს“ მეკარე მიხეილ მაქაცარიას გადაცემა ზოიძემ ჩაჭრა და ბურთიანად საჯარიმოში შესულმა ვერ გაიტანა.
„დინამომ“ მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი წააგო. ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით თბილისელებმა ერთი თამაში მოიგეს, ხოლო ხუთი ფრედ დაასრულეს – 8 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეშვიდეა. ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა კაკაშვილი პოსტიდან დაითხოვონ.
სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის ხელმძღვანელობით „გაგრამ“ სეზონში მეორე შეხვედრა მოიგო და 9 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი





