კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის დასკვნითი მატჩი „მიხეილ მესხი 2“- შედგა, სადაც ანზორ კიღურაძის ხელმძღვანელობით თბილისის „სპაერი“ გია ცეცაძის გაწვრთნილ „რუსთავს“ დაუზავდა – 1:1.
სტუმრები პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდნენ და ლოგიკური იყო, რომ დაწინაურდნენ. მატჩის მე-13 წუთზე განელმა პრინს ოსეიმ რუსთაველთა შეტევა მარცხენა ფლანგიდან დაიწყო და ორ მეტოქეს სისწრაფეში აჯობა, რის შემდეგ თანამემამულე კესისთვის „კედელი“ გაითამაშა და საჯარიმოში შეჭრილმა მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში დარტყმით ანგარიში გახსნა.
შესვენებამდე, „რუსთავს“ ანგარიშის გაზრდა შეეძლო, როდესაც ბრაზილიელმა ჟან ალმეიდამ მოედნის ცენტრიდან „სპაერის“ საჯარიმოში კესი მოძებნა, რომლის დარტყმულს მასპინძლების კაპიტანი ნიკოლოზ კენჭაძე გადაეფარა.
52-ე წუთზე თბილისელებიდან კუთხური გიგა სამხარაძემ ჩააწოდა და კენჭაძემ თავით საპასუხო ბურთი გაიტანა.
„სპაერი“ 11 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა და ლიდერ „იბერიას“ 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო „რუსთავი“ ამდენივე ქულით მესამეა.
სპაერი 1:1 რუსთავი
ლაშა თაბაგარი





