კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის პირველი სათამაშო დღის დასკვნითი შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე შედგა, სადაც „გაგრა“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუზავდა – 2:2.
მატჩის მე-5 წუთზე „ტორპედოს“ შეტევა სერბმა კომნენ ანდრიჩამ დაიწყო და მარჯვენა ფრთაზე დიეგო დეისაძე მოძებნა, რომლის გადაცემის შემდეგ მეკარესთაბ პირისპირ გასულმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა ანგარიში გახსნა – 0:1.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ბრაზილიელის ვანდერსონ სილვას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, უკრაინელმა ფორვარდმა ანდრი ანდრეიჩუკმა ქუთაისელთა საჯარიმოში როგორც გიორგი ნადარაიას, ასევე ბრაზილიელ ფელიპე პირესს დაასწრო, რის შემდეგ ერთი შეხებით ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – 1:1.
58-ე წუთზე „გაგრამ“ კარგი კომბინაცია გაითამაშა და ანდრეიჩუკმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა თანამემამულე სკრიპნიკი, რომლის დარტყმის შემდეგ სერბ ფილიპ კლიაიჩს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა – 2:1.
დაწინაურებიდან ცოტა ხანში „გაგრას“ კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ ანდრეიჩუკის თავურის შემდეგ, „ტორპედო“ კლიაიჩმა გადაარჩინა, რომელმაც ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.
75-ე წუთზე „გაგრას“ საჯარიმოში ბრაზილიელმა მცველმა აუგუსტო პორფირიომ ორთაბრძოლის დროს ანდრიჩი წააქცია და მთავარმა მსაჯმა ცოტნე სამსონაშვილმა პენალტი დანიშნა. ფილიპე პირესის დარტყმული ბურთი უკრაინელმა მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმ მოიგერია, მაგრამ ბრაზილიელმა დაამატა და ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
მატჩის მიწურულს ბრაზილიელმა ვარლეიმ საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ ალეკო ბასილაძე დატოვა, რომელმაც ბურთი თავს ზემოთ ვორობეის არაზუსტად გადაუგდო. ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში ანდრიჩმა თავით სახიფათოდ დაარტყა და ვორობეი ბურთს დაეუფლა.
გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით „ტორპედოს“ 8 ქულა აქვს და 10 გუნდში მეხუთეა, ხოლო სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის თავკაცობით „გაგრამ“ 6 ქულა აიღო და ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





