ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მესამედ გახდა. 1/4-ფინალის პირველ მატჩში პსჟ-მ შინ „ლივერპულს“, რომლის კარს გიორგი მამარდაშილი იცავდა 2:0 აჯობა და კვარაცხელიამ თავის გუნდის წარმატებში ლომის წვლილი შეიტანა.
მატჩის მე-11 წუთზე დეზირე დუე მეტოქის საჯარიმოში ერთ ფეხბურთელს გაცდა და დაარტყა – ბურთი გრავენბერხს ფეხზე შეეხო და მამარდაშვილის ზურგსუკან ჩაეშვა. ამ ეპიზოდში საქართველოს ეროვნული გუნდის კარის დარაჯმა ინგლისელები ვერ გადაარჩინა.
32-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მყოფმა კვარაცხელიამ ძლიერად დაარტყა და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია. სამ წუთში გიორგი კარი უკვე მასთან პირისპირ დარჩენილ დეზირე დუეს არ დაანება. ტაიმის მიწურულს „ლივერპულის“ საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა უსმან დემბელემ სუსტად დაარტყა და მამარდაშვილი ბურთს დაეუფლა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში მარცხენა ფლანგიდან ნუნუ მენდეშის გადაცემის შემდეგ, კარის წინ მდგომმა უსმან დემბელემ ხელსაყრელი პოზიციიდან გოლის გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
65-ე წუთზე ჟოაო ნევეშის გადაცემის შემდეგ, ინგლისელთა საჯარიმოში კვარაცხელია ჯერ გრავენბერხს გასცდა, შემდეგ კარიდან გამოსულ მამარდაშვილს და ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 12 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში პარიზელთა საუკეთესო ბომბარდირია.
თამაშის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ სტუმართა საჯარიმოში მყოფმა დემბელემ ძლიერად დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და უეფასგან მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზიც დაიმსახურა, ხოლო პსჟ საპასუხო მატჩს ლივერპულში 14 აპრილს ჩაატარებს. მამარდაშვილმა “ლივერპულის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაში მეექვსედ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





