ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში მადრიდის „რეალმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
შეხვედრის მე-9 წუთზე ანგარიშის გახსნა უპამეკანოს შეეძლო, როდესაც მეტოქის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ ლუნინმა ბურთი მოიგერია.
მე-18 წუთზე ლუნინის გადაცემის მერე, ბიტარჩიმ თავის საჯარიმოში ბურთი ვერ დაიმორჩილა, ხოლო ხელსაყრელი პოზიციიდან გნაბრის დარტყმული ბურთი უკრაინელმა მეკარემ მოიგერია. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში ვინისიუს ჟუნიორმა დაახლოებით 20 მეტრიდან ძალიან სახიფათოდ დაარტყა და ნოიერმა, რომელმაც საუცხოო შეხვედრა ჩაატარა, ბრაზილიელს არ გაატანინა. გერმანელი გოლკიპერი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
41-ე წუთზე მოედნის ცენტრში ვინისიუსის გადაცემის შემდეგ, ოლისეს ბურთი ხელში მოხვდა, მაგრამ მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა და „ბაიერნმა“ კონტრშეტევა დაიწყო, რომელიც საჯარიმოში ლუის დიასის კარგი გადაცემის მერე გოლით გნაბრიმ დაასრულა – 0:1.
მეორე ტაიმის სტარტზე მიუნხენელთ შეტევის დროს ჰარი კეინმა დაახლოებით 18 მეტრიდან ერთი შეხებით დაარტყა და ლუნინს მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა – 0:2. ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მიმდინარე სეზონში „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 46 მატჩში 54 გოლი გაიტანა.
61-ე წუთზე უპამეკანომ „ბაიერნის“ ნახევარზე თავით ცუდად დაუბრუნა ბურთი ნოიერს, მაგრამ გერმანელ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვინისიუსმა ანგარიშის შემცირების ასპრონტიანი შანსი ვერ გამოიყენა. 74-ე წუთზე „რეალის“ შეტევის დროს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი გადაცემა გაუკეთა სტუმართა კარის შორეულ ძელთან გახსნილ მბაპეს, რომელმაც ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ბოლო 14 წლის მანძილზე „ბაიერნმა“ „რეალი“ პირველად დაამარცხა. მანამდე, გერმანელებმა 7 თამაში წააგეს, ხოლო 2 ფრედ დასრულდა. გარდა ამისა, მადრიდელები ბოლო 25 წლის მანძილზე “სანტიაგო ბერნაბეუზე” ბავარიელებთან პირველად დამარცხდნენ. ცნობისთვის, „რეალი“ პლეი-ოფში შინ პირველი თამაშის წაგების შემდეგ, ტურნირს ზედიზედ 5-ჯერ გამოეთიშა. ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 15 აპრილს მიუნხენში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





