ქართული „კლასიკო“ ისევ ფრედ დასრულდა

0
12

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ქართულ „კლასიკოდ“ წოდებული დაპირისპირება შედგა – ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა.
მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გასულა, „რამაზ შენგელიაზე“ შეკრებილმა მაყურებელმა თვალი დაძაბულ და სანახაოებრივ თამაშს ადევნა. ცნობისთვის, ჯერჯერობით მიმდინარე სეზონში ქუთაისელთა საშინაო არენაზე ყველაზე მეტი გულშემატკივარი მივიდა.
მასპინძლებში გიორგი არაბიძე გამოირჩეოდა, რომელიც ნელ-ნელა თავის საუკეთესო სათამაშო ფორმას იბრუნებს. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებში ზედიზედ მესამე ფრე დაფიქსირდა,
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“ 7 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით „დინამომ“ ამ სეზონში ერთი თამაში მოიგო და 6 ქულით მერვეა.
გორის „დილამ“ „გაგრა“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. შეხვედრის მე-10 წუთზე გორელებმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს და ლაშა მენთეშაშვილმა სტუმართა საჯარიმოში ოთარ ფარულავა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა.
22-ე წუთზე ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ კუთხური ჩააწოდა და „დილას“ საჯარიმოში ჩასულმა ბოსნიელმა მცველმა ვლადიმირ არსიჩმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და იტალიელი დიეგო ლონგოს თავკაცობით 7 ქულის მომპოვებელი „დილა“ მე-6 პოზიციაზეა, ხოლო „გაგრა“ 5 ქულით ბოლოა.
დინამო თბ 2:2 დინამო ბთ 
ლაშა თაბაგარი