საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერია“ 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში გალიდერდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში თბილისელებმა შინ წყალტუბოს „სამგურალს“ მინიმალური სხვაობით სძლიეს.
მატჩის მე-8 წუთზე ბაქარ ქარდავამ მარჯვენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში გააკეთა, სადაც სიერა ლეონელი მცველი აბდულ ქაბია ბურთის მოგერიების დროს წაიქცა, ხოლო გურამ გოშთელიანმა ჯერ მცველს აუარა გვერდი, შემდეგ მეკარეს და ანგარიში გახსნა – 1:0.
„სამგურალს“ საპასუხო ბურთის გატანა მალე შეეძლო, როდესაც ბრაზილიელი სებოლინია მეკარესთან პირისპირ გავიდა და დაარტყა, მაგრამ თორნიკე მეგრელიშვილმა საიმედოდ ითამაშა.
37-ე წუთზე ვახო ბედოშვილმა საუცხოო პასით მეტოქის მთელი დაცვა „მოჭრა“ და მეკარესთან პირისპირ ბრაზილიელი ლუკას კაფე დატოვა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – 2:0.
მე-80 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცნიდან შეჭრილმა ლევან პაპავამ პასი კარის წინ გახსნილ ლაშა კვარაცხელიას მისცა, რომელმაც მცველს დაასწრო და ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე გაქვითა – 2:1.
გუგა ნერგაძის გაწვრთნილი „იბერია“ 10 ქულით პირველია, ხოლო გიორგი ონიანის თავკაცობით „სამგურალს“ 8 ქულა აქვს და მესამეა.
იბერია 1999 2:1 სამგურალი
ლაშა თაბაგარი





