ბათუმის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი თამაში მოიგო. მე-5 ტურში გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმელებმა თბილისის „სპაერი“ მიიღეს და 4:1 სძლიეს.
მატჩის მე-4 წუთზე უერდი მარამ კუთხური ჩააწოდა და ნიკა კალანდარიშვილმა თავით ბურთი კარში გადაგზავნა. მე-11 წუთზე მასპინძლებმა მარჯვენა ფრთიდან შეუტიეს და თორნიკე კირკიტაძემ საჯარიმოში მოლდოველი დმიტრი მანდრიჩენკო მოძებნა, რომელმაც თავით გაიტანა. მე-14 წუთზე კირკიტაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ არ დაარტყა და პასი მანდრიჩენკოს მისცა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
31-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა თამაზ ცეცხლაძემ პასი ლაშა კოხრეიძეს მისცა, რომლის დარტყმული მეკარემ მოიგერია, ხოლო საბა გეგიაძემ ახლო მანძილიდან ერთი ბურთი გაქვითა. 57-ე წუთზე გურამ ჯაფარიძის პასის მერე, უერდი მარამ დაახლოებით 20 მეტრიდან „სპაერის“ კარი აიღო.
ბათუმის „დინამო“ 6 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა, ხოლო ანზორ კიღურაძის თავკაცობით „სპაერს“ 9 ქულა აქვს და ლიდერობა შეინარჩუნა.
დინამო ბთ 4:1 სპაერი
ლაშა თაბაგარი





