საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ევრო 2027-ის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის მე-7 ტურში შინ მალტასთან უფრო აგრესიულ და კონცენტრირებულ თამაშს ელოდება, ვიდრე ლატვიასთან.
რამაზ სვანაძე: „მომავალი თამაშისგან ველოდები, რომ ჩემი გუნდი ბევრად აგრესიული და კონცენტრირებული იქნება. აუცილებლად ვეცდებით იმ პოზიტივის გამოყენებას, რომელიც ლატვიასთან გაშვებული გოლის შემდეგ გვქონდა.
ბევრს ჰგონია, რომ მარტივია ის ყველაფერი, რაც მეორე ტაიმში ხდებოდა, თუმცა ძალიან კარგად ვიცი, თუ რა ძნელია 10 ფეხბურთელით თამაშიs გადარჩენა. არა მარტო გადარჩენა, არამედ თამაშის ხარისხზე მაქვს საუბარი – დომინაცია, რომელიც გვქონდა.
ის შეცდომები, რომლებიც ლატვიასთან დავუშვით, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. განვლილ დღეებში ამ საკითხს ყურადღება დავუთმეთ და იმედი მაქვს, გამოვასწორებთ. სამწუხაროდ, დანაკლისს ისევ ვერ ავცდით: ტრავმის გამო ბუკია დაგვაკლდება, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო გვასალია და ტაბატაძე არ იქნებიან. თუმცა, გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც შანსს მიიღებენ, რომლის გამოყენებას უნდა შეეცადონ“.
საქართველო-მალტას დაპირისპირება ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





