საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებით განაგრძობს.
ტრავმის გამო, ლატვიასთან მატჩს ქუთაისის ტორპედოს მცველი დავით ბუკია გამოაკლდა. ტრავმირებული ალეკო ბასილაძის ნაცვლად კი გუნდს ნიკოლოზ ცეცხლაძე შუერთდა.
მომავალი თამაშის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ, გუნდის კაპიტანმა გაბრიელ სიგუამ და ახალწვეულმა ანდრია ბართიშვილმა გააკეთეს.
რამაზ სვანაძე: „შეკრებაზე დაგეგმილი რაც გვქონდა ყველაფერი შევასრულეთ. ასევე მხედველობაში მაქვს ის განწყობა, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა განსაკუთრებით განვლილი წლის შემდეგ, რადგან არ გვქონდა შედეგი, რომელსაც ყველა ველოდით.
ბევრი მიზეზი იყო, რომ ავხსნათ მდგომარეობა რომელშიც დღეს ვიმყოფებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ. პირიქით ახალ წელს ვიწყებთ და ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდა, რომ ჩვენ მენტალური მხარე მზადყოფნაში ყოფილიყო ისე თამაშებისთვის, რომლებიც გველოდება.
ლატვიასთან რთულ თამაშს ველოდები, რადგან ამ ეტაპზე ჩვენთვის ნებისმიერი მეტოქე დასაფასებელია. თუმცა, ჩვენი მიზანი გვაქვს და ვეცდებით როგორც ლატვიასთან, ასევე მალტასთან მაქსიმალური შედეგი მივიღოთ.
ახალწვეულებმა აქ ყოფნა დაიმსახურეს, რადგან პატარა ასაკის მიუხედავად საქართველოს ჩემპიონატში სტაბილურად თამაშობენ. ასევე რამდენიმე ლეგიონერი გვყავს. დებიუტანტებისთვის ეს ყველაფერი ემოციურად რთულია, მაგრამ ესაა მომენტი, რომელიც ყოველთვის ემახსოვრებათ. მათგან ვითხოვ ისეთივე ლაღები იყვნენ, როგორიც თავის გუნდებში არიან. ჩვენ მათი იმედი გვაქვს როგორც ამ შესარჩევში, აგრეთვე მომავალში. დასამალი არაა, რომ უკვე დავიწყეთ იმ ფეხბურთელების საქმეში ნახვა, რომლებიც მომავალში გუნდის ბირთვად მოიაზრებიან.
სამწუხაროა ის დანაკლისი, რომელიც ამ თაობასთან შეხების პირველი დღიდან გვაქვს. შეკრებას არ ჩაუვლია, რომ დანაკლისი არ გვქონდეს, მაგრამ ეს არ ცვლის მოცემულობას, რომ ამ შეკრებიდან მაქსიმუმი მივიღოთ“.
გაბრიელ სიგუა: „თავს კარგად ვგრძნობ. კლუბში ბევრი სათამაშო დრო მივიღე. გუნდს რაც შეეხება, მონდომებული ვართ და პირველი დღიდან კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ. ბრძოლაში ვართ და ორივე თამაშის მოგება ძალიან გვჭირდება, რადგან ეს ექვსი ქულა მნიშვნელოვანია.
მსურს გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო და მოვუწოდებ ისევ მობრძანდნენ, რადგან მათი თბილი დახვედრისგან დიდ მოტივაციას ვიღებთ“.
ანდრია ბართიშვილი: „ყველაფერი კარგად მიდის. მინდა მწვრთნელს მადლობა გადავუხადო ნდობისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაკრებში ადგილი დავიკვიდრო. გუნდში იდეალური ატმოსფეროა, რომელსაც დიდი იმედია მოედანზეც გადავიტანთ“.
27 მარტი – საქართველო V ლატვია | 19:00
31 მარტი – საქართველო V მალტა | 19:00
საქართველოს ნაკრები, რომელსაც ხუთი ქულა აქვს F ჯგუფში მე-4 ადგილზეა. ჯგუფში პირველ ადგილზე 15 ქულით საბერძნეთია, გერმანია 12 ქულით მესამეა, ჩრ.ირლანდია 7 ქულით მესამეა. ლატვია 4 ქულით მეხუთეა, ხოლო უქულო მალტა ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





