„დილამ“ მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი თამაში მოიგო. მეოთხე ტურში იტალიელი დიეგო ლონგოს გაწვრთნილმა გორელებმა შინ ქუთაისის „ტორპედო“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
მატჩის მე-4 წუთზე მასპინძლების შეტევის დროს მარცხენა ფლანგიდან გიორგი ჯალაღონიამ საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელიც ლაშა მენთეშაშვი;მა თავით კარის ბადეში გადაგზავნა – 1:0.
ქუთაისელებს შეტევაში პირველ ტაიმში არაფერი გამოუვიდათ და გერმანელმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა თამაშში გიორგი არაბიძე ჩართო, რომელიც რამდენიმე ეპიზოდში ვითარების გამწვავებას ეცადა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.
84-ე წუთზე განელი ნახევარმცველი ბლანკსონ ანოფის თავურის შემდეგ, „ტორპედოს“ საჯარიმოში ხელში ბურთი გუნდის კაპიტან ვლადიმერ მამუჩაშვილს მოხვდა და მთავარმა მსაჯმა აკაკი ფარჯიკიამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, პენალტი დანიშნა. ზურაბ მუსელიანის შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, სერბმა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა ბურთი მოიგერია. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ ბოლო წუთზე ანოფს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ საჯარიმოში მყოფმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს ააცილა.
„დილა“ 3 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა, ხოლო „ტორპედო“ ამდენივე ქულით ბოლოა.
ვლადიმერ ბურდულის ხელმძღვანელობით ტყიბულის „მეშახტე“ წყალტუბის 26 მაისის სახელობის სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. „მეშახტე“ 5 ქულით მეოთხეა, გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი ბათუმელები კი 3 ქულით მე-8 პოზიციაზე არიან.
დილა 1:0 ტორპედო
ლაშა თაბაგარი





