საქართველომ მსოფლიო შესარჩევის მეორე ეტაპი გაინაღდა

0
24

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დანიის ეროვნულ გუნდს მეორე შეხვედრაც დამაჯერებლად მოუგო და 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა გაინაღდა. ალეკსანდარ ჯიკიჩის დამოძღვრილმა გუნდმა ოთხივე პერიოდი მოუგო შემადგენლობაშესუსტებულ სკანდინავიელებს და საბოლოოდ 89:60 იმარჯვა.
კვლავ შეუდარებელი იყო ჩვენი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია. ქართველთა ლიდერმა 29 წუთში 27 ქულა, 11 მოხსნა, 5 დაფარება, სამ-სამი შედეგიანი გადაცემა-ჩაჭრა შეასრულა. ქების ღირსია ნატურალიზებული ახალწვეული მარკუს რიდი, რომლის აქტივმა 28 წუთში 29 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, სამ-სამი მოხსნა და ჩაჭრა შეადგინა. დანიური მატჩის მსგავსად კვლავ ზუსტად ისროლა სამქულიანები (ამჯერად სამი) ალექსანდრე მერკვილაძემ. თბილისის მატჩში მისი დადებითი სტატისტიკა 12 ქულით, 8 მოხსნით და ჩაჭრით გამოისახა.
საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფში ორ-ორი მოგებით და მარცხით მესამე ადგილი უკავია. საზაფხულო მატჩებს რაც შეეხება, 2 ივლისს რიგაში უკრაინას შევხვდებით, 5 ივლისს კი ჯგუფის ლიდერ ესპანეთს ვუმასპინძლებთ.
მეორე ჯგუფური ეტაპისთვის სამი ფანჯარაა გამოყოფილი, რომლებშიც საქართველო სავარაუდო მეტოქეებთან (საბერძნეთი, ჩერნოგორია, პორტუგალია, რუმინეთი) თითოში ორ-ორ შეხვედრას ჩაატარებს. მატჩები წლეულს აგვისტოს მიწურულს, ნოემბრის ბოლო დღეებში და მომავალი წლის თებერვალში გაიმართება.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჩვენების დამრიგებელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა განაცხადა: „მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს კალათბურთელს. ეს ორი გამარჯვება იმ მოთამაშეების გამარჯვებაცაა, რომლებიც მოსამზადებელი ეტაპის პირველ ფაზაში დაგვეხმარნენ”.
საქართველო – დანია 89:60 (21:17, 22:14, 30:18, 16:11)