საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება კოპენჰაგენის გარეუბან ფარუმში დანიასთან მოიპოვა. გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც ჩვენებმა 38:15 მოიგეს და დასკვნით მეოთხედს 32 ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ.
საქართველოს ნაკრებში 24 ქულით, 7 მოხსნით და 5 პასით საუკეთესო გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო. კარგი დებიუტი ჰქონდა ნატურალიზებულ კალათბურთელ მარკის რიდს, რომელმაც 18 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 13 ქულა გააკეთა გამოცდილმა დუდა სანაძემ. ნაკრების 23 წლის დებიუტანტმა ალექსანდრე მერკვილაძემ ოთხივე სამქულიანი ჩააგდო და 12 ქულა მოიპოვა.
ტრავმის გამო არ უთამაშია გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ბექა ბურჯანაძეს.
საქართველოს ნაკრებს სამი ტურის შემდეგ ჯგუფში მოგებით და ორი მარცხით მესამე ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი, 2 მარტს, ისევ დანიის ნაკრებთან გამართავს, ამჯერად თბილისში. საზაფხულო მატჩებს რაც შეეხება, 2 ივლისს რიგაში უკრაინას შევხვდებით, 5 ივლისს კი ჯგუფის ლიდერ ესპანეთს ვუმასპინძლებთ.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების სერბმა დამრიგებელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა შემდეგი განაცხადა:
“ვთამაშობდით ძლიერ, აგრესიულ, აქტიურ, ათლეტურ და მოძრავ გუნდთან. ისინი არასოდეს ნებდებიან. კარგად ვითამაშეთ. მესამე მეოთხედში რამდენიმე სროლა ჩავაგდეთ, ხოლო მეოთხეში უკვე სხვა ტიპის თამაში გამოვიდა. მეოთხე პერიოდით ძალიან კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. ვიცით, რა მოხდა ბოლოს, როცა აქ ვითამაშეთ – მოგვიგეს. თამაში ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორსაც ველოდით. სამ დღეში ისევ იმავე მეტოქეს უნდა შევხვდეთ. ველოდი, რომ ჩვენი მოთამაშეები სრულ 40 წუთს შეინარჩუნებდნენ იმავე კონცენტრაციას და მიდგომას. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოვიგეთ, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია.
როგორც თქვენც კარგად იცით, შენგელიამ ითამაშა მატჩი, მერე თვითმფრინავში ჩაჯდა, გადაჯდომით ჩამოფრინდა კოპენჰაგენში და პირდაპირ თამაშზე გავიდა. ერთად ვარჯიშიც კი არ გვქონია. წარმოიდგინეთ, ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს. ეს ფაქტია. ძალიან კმაყოფილი ვარ მარკისის მიდგომით და დამოკიდებულებით. ვიცით, რომ შეტევაში კიდევ უფრო ეფექტური შეიძლება იყოს. დაცვაში საკმაოდ კარგი იყო, ბევრი შეცდომა არ დაუშვია. ვსწავლობთ ერთად თამაშს. ეს პროცესია. სამწუხაროდ, ფანჯრების სისტემა არ გაძლევს საშუალებას, ცოტა მეტი დრო გაატარო ერთად და ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხება.
ის გუნდის ნაწილია, რომელსაც პასპორტი აქვს. კამარ ბოლდუინიც დაბრუნდება. ასე რომ, გაგვიმართლა, რომ ორი ძალიან კარგი მოთამაშე გვყავს. ხშირად ვერ ვიაზრებთ, რომ მოთამაშეები რეალურად მსხვერპლს იღებენ, როცა ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ და ეს მხოლოდ ნატურალიზებულებს არ ეხება, ყველას ეხება. სეზონის დასრულებისთანავე ახალი შეკრება იწყება. ფაქტობრივად, შენს სეზონს კიდევ დაახლოებით სამი კვირით ახანგრძლივებ. ეს კი სარისკოა და დამღლელიც. ზოგჯერ ვერ ვხვდებით, რამდენად რთულია ეს. პირდაპირ რომ გიპასუხოთ, იმედი გვაქვს, რომ ორივე ხელმისაწვდომი იქნება. შევაფასებთ მდგომარეობას გუნდში და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გუნდისთვის საუკეთესო იქნება, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ”.
ალექსანდრე მერკვილაძე: “მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა. მით უმეტეს, ისეთ პოზიციაზე, რომელზეც თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია თამაშობენ. შეიძლება ბურთი ჩავაგდო, შეიძლება – ვერა, მაგრამ მე კალათბურთელი ვარ და ვცდილობ, სწორად ვითამაშო, გავაკეთო ის, რასაც მწვრთნელი დამავალებს“.
დანია – საქართველო 71:89 (12:12, 20:27, 15:38, 24:12)





