სოფიის ცსკა-მ, სადაც ლაშა დვალი თამაშობს, ბულგარეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში გასვლაზე თანაქალაქელ „სლავიას“ ორბურთიანი სხვაობით აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-10 წუთზე ანგარიში მასპინძლების მცველის მალემბანას ავტოგოლის შემდეგ გაიხსნა, ხოლო 33-ე წუთზე სტუმრებიდან თავი დიალომ გამოიჩინა. 30 წლის დვალი ცსკა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს და ბულგარეთის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა. სოფიელები 43 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ლევსკის“ 10 ქულით ჩამორჩება.
უზბეკეთის სუპერლიგის პირველ ტურში „ანდიჟანმა“, რომელსაც ზამთარში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და იმედა აშორტია შეუერთდნენ, სახლში სოგდიანა 4:0 დაამარცხა. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო – ანდრონიკაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო აშორტიამ მოედანი 68-ე წუთზე დატოვა. მან პირველ ტაიმში საგოლე პასი გააკეთა. ის გასულ სეზონში „ბუნედკორში“ გამოდიოდა, სადაც 10 გოლი გაიტანა, ხოლო ანდრონიკაშვილი „ანდიჟანს“ გორის „დილადან“ შეუერთდა.
უზბეკეთში განაგრძობს კარიერას საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსმცველი გრიგოლ ჩაბრაძე, რომელმაც გასული სეზონი ასევე „დილაში“ გაატარა. იგი „ყიზილყუმში“ ჯაბა ჯიღაურს შეუერთდა. პირვეკ ტურში „ყიზულყუმმა“ სტუმრად „ფახთაქორთან“ 0:2 წააგო. ჯიღაურმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო, ჩაბრაძე კი თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო.
ლაშა თაბაგარი





