„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე გამოდიან, ინგლისის ჩემპიონშიფის 35-ე ტურში სტუმრად „ბრისტოლს“ 2:1 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან ორივე სასტარტო შემადგენლობაში იყო – მცველი გოგლიჩიძე ტრავმის გამო 69-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო შემტევი ნახევარმცველი ჩაკვეტაძე მოედნიდან 86-ე წუთზე გავიდა.
მატჩის მე-7 წუთზე ჩაკვეტაძემ ბურთი მეტოქის ნახევარზე მოედნის ცენტრში მიიღო და რეიდი წამოიწყო, რომლის დროს ორ მეტოქეს გაცდა, ხოლო შემდეგ პასი საჯარიმოში კაიემბეს გაუკეთა, ამ უკანასკნელის გადაცემის მერე კიორუმგორმა ანგარიში გახსნა.
პირველ ტაიმში ჯარიმის შესრულების დროს „უოტფორდის“ ფეხბურთელმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, ხოლო შეტევაში ჩართული გოგლიჩიძის თავურის შემდეგ. ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 36-ე წუთზე „ბრისტოლიდან“ ანგარიში ტვაინმა გაათანაბრა. 77-ე წუთზე მასპინძლების კარი ნგაკიამ აიღო და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.
„უოტფორდი“ 51 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





