კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურშია

0
16

პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის საპასუხო მატჩების სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამის შესახებ უეფას ვებგვერდი იუწყება.
კვარაცხელიამ „მონაკოსთან“ ჩატარებულ საპასუხო შეხვედრაში, რომელიც 2:2 დასრულდა, ერთი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მან ბურთი წინ 422 მეტრით წაიღო, რაც გარემარბებსა და შემტევებს შორის მთელ ტურში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ხვიჩამ მეტოქის ნახევარზე 33 გადაცემა გააკეთა და 93 პროცენტიანი სიზუსტე აჩვენა.
ტურის სიმბოლური ნაკრები სრულად ასე გამოიყურება:
მეკარე: იან ობლაკი (ატლეტიკო)
მცველები: დავიდე ძაპაკოსტა (ატალანტა), ოდინ ბიორტუფტი (ბოდო/გლიმტი), ედმონდ ტაპსობა (ლევერკუზენი), ვესტონ მაკკენი (იუვენტუსი).
ნახევარმცველები: ხვიჩა კვარაცხელია (პარი სენ-ჟერმენი), ორელინ ჩუამენი (რეალი), სანდრო ტონალი (ნიუკასლი), იენს პეტერ ჰაუგე (ბოდო/გლიმტი).
თავდამსხმელები: ვიქტორ ოსიმენი (გალათასარაი), ალექსანდერ სიორლოთი (ატლეტიკო).
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 4 გოლის გატანის გარდა 3 საგოლე პასი გააკეთა და ამ ტურნირში პსჟ-ს ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია. კვარაცხელიას ანგარიშზე საფრანგეთის ლიგა 1-ში ასევე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. მან საკონტინენტთაშორისო თამაშზე ჩატარებულ ერთ შეხვედრაში ერთი გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი