„ვილიარეალმა“ ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსიას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა და 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, როდესაც საჰაერო ორთაბრძოლის დროს ხელი მეტოქეს სახეში მოარტყა.
მატჩის 27-ე წუთზე მასპინძლების მეკარე თავის საჯარიმოში ბურთის დაუფლების მცდელობის დროს „ვალენსიას“ თავდამსხმელი სადიქი წააქცია და მსაჯმა ეპიზოდის VAR-ს გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. რამაზანიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 0:1.
31-ე წუთზე „ვილიარეალმა“ კუთხური ჩააწოდა და მასპინძლების ფეხბურთელის თავურის შემდეგ ბურთი მცველს მოხვდა, ხოლო კართან ახლოს მდგომმა სანტი კომესანიამ ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-6 წუთზე „ვალენსიას“ მცველმა თავის საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დადო, რომელიც გეიემ გოლად აქცია.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე „ვილიარეალის“ შეტევის დროს მარცხენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში გაკეთდა და კარის წინ მდგომმა მიქაუტაძემ ვარდნაში კარგად ვერ დაარტყა.
„ვილიარეალი“ 51 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





