სლოვაკეთში „ქართული“ დერბი კაშიამ მოიგო – სილაგაძის საგოლე პასი

0
10

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის, სლოვაკეთის ჩემპიონატის მეორე ეტაპი გამარჯვებით განაახლა. მე-19 ტურში მოქმედი ჩემპიონი სტუმრად „დუნაისკა სტრედას“ შეხვდა და 3:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი განაცხადში იყო და არ უთამაშია. მასპინძლებში მოედანზე ორი ტაიმი მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ გაატარა, ხოლო გიორგი გაგუა განაცხადში არ ფიგურირებდა.
„სლოვანი“ მე-12 წუთზე გაიდოშმა დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან მე-19 წუთზე პენალტი რამადანმა ვერ გამოიყენა. 45-ე წუთზე ბრატისლაველებიდან თავი კუხარევიჩმა გამოიჩინა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. 49-ე წუთზე მასპინძლებს მცველი ბატიონო გაუძევეს. 53-ე წუთზე გაიდოშმა დუბლი მიითვალა და ეს გოლი მატჩში საბოლოო აღმოჩნდა.
„სლოვანი“ 42 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, ხოლო „დუნაისკა“ სტრედა 38 ქულით მეორეა.
“პოდბრეზოვამ” სტუმრად “ტრენჩინი” 4:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ლუკა სილაგაძემ იყო, რომელიც 56-ე წუთზე შეცვალეს. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე, როდესაც სტუმრები 3:0 იგებდნენ, სილაგაძემ მეკარესთან პირისპირ სილერი გაიყვანა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. “ტრენჩინის” განაცხადში “გაგრას” ყოფილი მცველი გია ნადარეიშვილი იყო, რომელსაც არ უთამაშია. ცნობისთვის, ორივე მოთამაშე სლოვაკურ გუნდებს მიმდინარე ზამთარში შეუერთდა. “პოდბრეზოვა” 27 ქულით მეხუთეა, ხოლო “ტრენჩინი” 18 ქულით – მეათე.
ლაშა თაბაგარი