მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი და მოგება

0
33

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კანადის წარმომადგენელმა “ტორონტო რეპტორზმა” რეგულარული პირველობის მორიგ ტურში სტეფ კარის “გოლდენ სტეიტ უორიორზს” უმასპინძლა და დამატებით დროში 141:127 მოუგო.
ჩრდილოელთაგან დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა სკოტი ბარნსმა, რომელმაც 23 ქულით, 25 (!) მოხსნით და 10 შედეგიანი გადაცემით სამმაგი დუბლი შეასრულა. კალიფორნიელთაგან 39 ქულა მიითვალა სტეფ კარიმ.
“ქვეწარმავალთა” ქართველ ლეგიონერს რაც შეეხება, სანდრო მამუკელაშვილი ამჯერად სასტარტო ხუთეულში არ იყო, ტორონტოს Scotiabank Arena-ს პარკეტზე 22 საასპარეზო წუთი დაჰყო და 13 ქულას 6 მოხსნა (ორი მეტოქის ფარზე), ორი ჩაჭრა და ერთი დაფარება მიამატა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ სანდრომ ბოლო სამ შეხვედრაში ორჯერ 13 და ერთხელაც 14 ქულა მოუპოვა ტორონტოელებს.
“რეპტორზი” 19 მოგებითა და 14 მარცხით ნბა-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, რეგულარული პირველობის მომდევნო შეხვედრას კი გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქის” წინააღმდეგ შინ ჩაატარებს.