„იბერიამ“ „დილას“ ორი პენალტით მოუგო

0
2

ლევან კორღალიძემ, რომელიც „იბერიას“ სათავეში მეოთხედ ჩაუდგა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურის გადადებულ საშინაო შეხვედრაში გორის „დილასთან“ გუნდს ფეხზე გაკეთებული ოპერაციის გამო ვერ უხელმძღვანელა. მოქმედი ჩემპიონი სათამაშოდ მისმა ასისტენტმა ნიკა გუშარშაშვილმა გაიყვანა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 21-ე წუთზე გორელთა მცველი თედო კიკაბიძე დაშავდა და ნიდერლანდელმა პუკეტიმ შეცვალა. 58-ე წუთზე პორტუგალიელმა მცველმა ჟოაო არაუჟომ უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
63-ე წუთზე, ამირან ძაგანია „დილას“ საჯარიმოში გერმანელ მცველ ლამარ იარბროსთან ორთაბრძოლაში წაიქცა და მთავარმა მსაჯმა აკაკი ფარჯიკიამ პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის შესრულებას თავდაპირველად გუნდის კაპიტანი გიორგი ჯინჯოლავცა აპირებდა, რომელმაც გადაწყვეტილება შეცვალა და ბურთი დაუთმო ნიკოლოზ დადიანს, ამ უკანასკნელმა კი გაიტანა – 1:0.
65-ე წუთზე „დილას“ შეტევის დროს, ტრავმამოშუშებულმა გიორგი მაკარიძემ ჯერ გვიეელი მოჰამედ კანტეს დარტყმული მოიგერია, შემდეგ გიორგი კობახიძეს აუღო, ხოლო ბოლო ლატვიელი გრაბოვსკისის დარტყმული გაანეიტრალა.
ამ ეპიზოდიდან ათ წუთში ზვიად ნაჭყებია შეიჭრა მარცხნიდან მეტოქის საჯარიმოში და დაარტყა – ბურთი ზედა ძელს მოხვდა. ცოტა ხანში, ზვიად სიხარულაშვილმა დაახლოებით 20 მეტრიდან „გაისროლა“ და დავით კერესელიძის ხელიდან ბურთი ხარიხას მოხვდა. ამ მომენტში სიხარულაშვილმა ტრავმა მიიღო და გიორგი კუციამ შეცვალა.
82-ე წუთზე გამბიელმა მამინ სანიანგმა სტუმართა საჯარიმოში სენეგალელი მუჰამედ დიუფმა მოძებნა, რომელმაც თავით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ვახო ბედოშვილმა „დილას“ საჯარიმოში პასი ლადო ჩიხრაძეს გაუკეთა და ბურთი მოგერიებას განელი ბლანქსონ ანოფი ცდილობდა, ხოლო ფარჯიკიამ დააფიქსირა, რომ აფრიკელმა ფეხი სტუმართა ფორვარდს მოარტყა, რის გამო პენალტი დანიშნა. ამჯერად, თერთმეტმეტრიანი ჯინჯოლავამ გამოიყენა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა – 2:1.
„იბერია“ 43 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და 3 ქულით ჩამორჩება როგორც ლიდერ „რუსთავს“, ასევე მეორედადგილოსან ბათუმის „დინამოს“, რომელთაც თითო მატჩით მეტი ჩაატარეს. ბერძენი დიამადის ვავალისის გაწვრთნილი „დილა“ 37 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი