„ფროზინონემ“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, 2025 წელი იტალიის სერია B-ში პირველ ადგილზე დაასრულა.
მე-18 ტურში “ფროზინონე” სტუმრად “ემპოლის” შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს.
მე-16 წუთზე სტუმართა საგოლე შეტევა სწორედ კვერნაძემ დაიწყო, რომელმაც ბურთი მარცხენა ფლანგზე მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მიიღო და ქუსლით ოსტატური პასი მარჩიზას გაუკეთა, რომლის გადაცემის მერე რაიმონდომ ანგარიში გახსნა. “ემპოლიდან” საპასუხო ბურთი ნასტიმ გაიტანა. კვერნაძემ შეცვლამდე 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა. იტალიის თასზე ჩატარებულ 2 შეხვედრაში 22 წლის ფეხბურთელმა მეტოქის კარი 1 აიღო. “ფროზინონე” 38 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





