წლის ბოლო „ქართული კლასიკო“ ფრედ დასრულდა – “ტორპედომ” “ბრინჯაო” გაინაღდა

0
14

კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში მიმდინარე წლის ბოლო „ქართული კლასიკო“ თბილისში შედგა, სადავ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მატჩის მე-13 წუთზე „დინამოს“ კონტრშეტევის დროს კოტდივუარელმა აბდულაე იორომ მეტოქის საჯარიმოში გახსნილ თორნიკე მორჩილაძეს გადააწოდა ბურთი, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ცუდად დაარტყა.
ერთ წუთში ხორვატმა მატეო ითრაქმა თავის ნახევარზე ბურთი განელ ბარნს ოსეის ჩააბარა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრიდან „ტორპედოს“ კარი აიღო – 1:0.
28-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმოში მყოფმა ბრაზილიელმა ფელიპე პირესმა კარში ძლიერად დაარტყა და გიორგი ლორიამ თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა. 32-ე წუთზე დინამოელთა მორიგი კონტრშეტევას ცოტნე ბერელიძის პასი მოჰყვა საჯარიმოში შეჭრილი მორჩილაძძის მისამართით, რომლის დარტყმის მერე სერბმა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა ქუთაისელები მეორე ბურთის გაშვებისგან იხსნა.
38-ე წუთზე „დინამოს“ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა თავით მოიგერია ბურთი, რომელიც მორჩილაძემ კარში ერთი შეხებით გაგზავნა და გოლის გატანას ცოტა დააკლდა. ტაიმის ბოლო წუთზე ითრაქმა დაახლოებით 30 მეტრიდან დაარტყა და ლორიამ ბურთი კუთხურზე უკუაგდო. სტანდარტულის შესრულების შემდეგ, იორომ ბურთი კომნენ ანდრიჩთან ორთაბრძოლის დროს მოიგერია და არბიტრმა გურამ მაჩიტიძემ სერბ ფორვარდს ყვითელი ბარათი აჩვენა. თუმცა, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გამოჩნდა, რომ თამაშის წესი იორომ დაარღვია. მაჩიტიძემ გადაწყვეტილება შეცვალა და ანდრიჩს ყვითელი ბარათი გაუუქმა, ხოლო „დინამოს“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც იონსენმა გამოიყენა – 1:1.
შეხვედრის 65-ე წუთზე „დინამოს“ საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ცოტნე ნადარაიამ პასი გააკეთა და ნიკა ნინუამ ბურთი თავის კარში ჩაჭრა – 1:2. 90-ე წუთზე „ტორპედოს“ კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა თავის საჯარიმოში ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც ნანა კოფი-დონკორმა დაამუშავა და ერთი მცველს გაცდა, რის შემდეგ ლორიას კარი აიღო – 2:2.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა „ტორპედომ“ 60 ქულით ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ბრინჯაოს მედლები გაინაღდა, ხოლო „დინამო“ 56 ქულით მეოთხეა და სეზონს ამავე ადგილზე დაასრულებს.
დინამო თბ 2:2 ტორპედო 
ბრაზილიელი ტიაგო გომესის გაწვრთნილმა წყალტუბოს „სამგურალმა“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და სამი ქულა აიღო. მატჩის 24-ე წუთზე დაახლოებით 22-23 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ანგარიში გახსნა – 1:0. 36-ე წუთზე მასპინძლების კონტრშეტევის დროს გუნდის კაპიტანმა დემურ ჩიხლაძემ 20 მეტრიდან ბურთი კარში ზუსტი დარტყმით მოათავსა – 2:0.
82-ე წუთზე ბათუმელთა საჯარიმოში მყოფმა ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ პასი კარის წინ გახსნილ გიორგი ფანცულაიას გაუკეთა, რომელმაც თანაგუნდელი არ დააღალატა – 3:0. 88-ე წუთზე ბრაზილიელი ჟან კარლოსი სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და კართან ახლოს მდგომი თანამემამულე ველისოლი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 4:0.
„სამგურალი“ 42 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმელებმა 40 ქულა დააგროვეს და მე-7 პოზიციაზე არიან.
სამგურალი 4:0 დინამო ბთ

ლაშა თაბაგარი