ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით მიმდინარე სეზონში პირველ ბუნდესლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-9 ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ ფრანკფურტის „აინტრახტი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 70 წუთი გაატარა.
32-ე წუთზე „ჰაიდენჰაიმის“ შეტევის დროს იბრაჰიმოვიჩმა პასი საჯარიმოში მყოფ ზივზივაძეს გაუკეთა, რომელმაც მარჯვენა მახვილი კუთხიდან გაიტანა. „აინტრახტმა“ ანგარიში 55-ე წუთზე კრისტენსენის დარტყმის შემდეგ გაათანაბრა. „ჰაიდენჰაიმი“ 5 ქულით 18 გუნდში ბოლო ადგილზეა.
მეორე ბუნდესლიგის მე-11 ტურში „ნიურნბერგმა“ თავის მოედანზე „ბრაუნშვაიგი“ 2:1 დაამარცხა. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 89-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ის მიმდინარე სეზონში მეხუთედ გააფრთხილეს და ამიტომ, მომდევნო მატჩს გამოტოვებს. „ნიურნბერგი“ 12 ქულით 18 გუნდში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





