საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტური თბილისში დასრულდა, სადაც „დინამომ“ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ბათუმელე თანამოსახელეებს უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის ასპროცენტიანი შანსი ბათუმელებს ჰქონდათ, როდესაც ლევან ხოზრევანიძემ მასპინძლების ნახევარზე მეტოქს ბურთი აართვა და საჯარიმოში შესულმა პასი კარის წინ მარტო მდგომ დაჩი აბუსელიძეს მისცა, რომელმაც ძალიან ცუდად დაარტყა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში, აჭარლებმა თავის ნახევარზე ძალიან ცუდად გაითამაშეს ბურთი და გიორგი ხარაიშვილის დარტყმის შემდეგ, ცარიელი კარის ხაზზე მდგომმა ტუნისელმა მცველმა უაჰაბიმ თავის გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
59-ე წუთზე სენეგალელმა ონორე გომისმა ბათუმელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ოუაჰაბიმ ბურთს ფეხი ააცილა, ხოლო კარის წინ მარტო მდგომმა ირაკლი სირაძემ ანგარიში გახსნა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მეხუთხე წუთზე უკრაინელი დმიტრი მანდრჩინეკოს დარტყმის შემდეგ, თბილისელ ნახევარმცველ თორნიკე მორჩილაძეს ბურთი ხელში მოხვდა და არბიტრმა კობა რევაზაშვილმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. ნიკა კალანდარიშვილმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს ქულა მოიუტანა – 1:1.
ვლადიმერ კაკაშვილი გაწვრთნილი თბილისის „დინამო“ 46 ქულით 10-გუნდიან ჩემპონატში მესამეა, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილის დამოძღვრილი ბათუმელები 37 ქულით მეხუთე პოზიციაზე არიან.
დინამო თბ 1:1 დინამო ბთ
ლაშა თაბაგარი





