21-წლამდელების პირველი და რიხიანი გამარჯვება ევროშესარჩევში

0
11

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი მატჩი მოიგო. F ჯგუფის მე-3 ტურში რამაზ სვანაძის გაწვრთნილები სტუმრად მალტას შეხვდნენ და 5:0 გაანადგურეს.
მე-3 წუთზე გიორგი ტაბატაძემ დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და მასპინძლები გოლის გაშვებას მეკარემ ნახტომში გადაარჩინა. მე-17 წუთზე ტაბატაძემ კუთხური ჩააწოდა და ლუკა ლაცაბიძემ ახლო მანძილიდან ვარდნაში თავით დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა.
34-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოშ მყოფმა მარცხენა მცველმა საბა ხარებაშვილმა შორეულ კუთხეში დაარტყა და მალტელი ფეხბურთელის ფეხიდან ბურთი გვერდით ძელს შეეხო. 37-ე წუთზე გურამ ჯაფარიძის პასის მერე, ხარებაშვილი მასპინძლების ნახევარზე საჯარიმოს გარეთ შორს გამოსულ მეკარეს გასცდა და ცარიელ კარში გაიტანა – 0:1. 44-ე წუთზე ნიკოლოზ დადიანმა დაახლოებით 30 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ბურთი „ცხრიანში“ გაახვია – 0:2.
მეორე ტაიმის დასაწყისში მალტელი მცველის მოგერიებული ბურთი მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა ალექსანდრე ნარიმანიძემ შეუჩერებლად დაარტყა და კარს მცირე მანძილით ააცილა. 65-ე წუთზე დიეგო დეისაძე გაცხარდა და მალტელ ფეხბურთელებთან იკამათა, რაც საბოლოოდ როგორც მისთვის, ასევე  ბორგისთვის ყვითელი ბარათის მიღებით დასრულდა.
68-ე წუთზე ტაბატაძე ფინტით აზოპარდის გაცდა და დაახლოებით 22-მეტრიდან მეკარისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში ეფექტური გოლი შეაგდო. 71-ე წუთზე პარკაძემ კუთხური ჩააწოდა და შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ თავით გაიტანა – 0:4. 73-ე წუთზე მალტელებს ერთი ბურთის გაქვითვა შეეძლოთ, თუმცა, ტუმამ კარის ახლოდან არაზუსტად დაარტყა. 81-ე წუთზე ირაკლი ეგოიანი მასპინძლების ნახევარზე ერთ მეტოქეს გაცდა და ბურთი საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ ალეკო ბასილაძეს გადააწოდა, რომელმაც მარცხენა მახვილი კუთხიდან ერთი შეხებით გაიტანა – 0:5.
ჩვენი ახალგაზრდული, რომელიც 6 ქულით ჯგუფში მესამეა, ევროშესარჩევში მომდევნო შეხვედრას 14 ნოემბერს ლიდერ საბერძნეთთან ჩაატარებს, რომელსაც 9 ქულა აქვს. 18 ნოემბერს სვანაძის შეგირდები შინ 6 ქულით მეორე პოზიციაზე მყოფ გერმანელებს დაუპირისპირდებიან.
მალტა – საქართველო 0:5 (0:2)
14 ოქტომბერი. ტა-ქალი. „სენტენარი სთედიუმი“.
მალტა:
სისონსი, გინგი (ბუჰაგიარი, 46), მიკალეფი (კ), სკიკლუნა, ჰილი, აზოპარდი, გრეჩი (კროსი, 46), ატარდი (ლეთერბი, 77), ბორგი, ტუმა, ევურუმი (აგიუსი, 82).
მთავარი მწვრთნელი:
დავიდე მაზოტა.
საქართველო: მაქაცარია, ბუკია (ქარსელაძე, 83), ლაცაბიძე (კ), ნარიმანიძე, ხარებაშვილი, ჯაფარიძე (ბასილაძე, 77), დადიანი, ეგოიანი, ტაბატაძე (პარკაძე, 69), დეისაძე (გოცირიძე, 63), წულუკიძე (ლორთქიფანიძე, 77).
მთავარი მწვრთნელი:
რამაზ სვანაძე.
გოლები: 0:1 ხარებაშვილი (37), 0:2 დადიანი (44), 0:3 ტაბატაძე (68), 0:4 ნარიმანიძე (71), 0:5 ბასილაძე (81)
გაფრთხილება:
გრეჩი (12), ნარიმანიძე (35), ევურუმი (40), ჰილი (58), ბორგი (65), დეისაძე (65).
მთავარი მსაჯი:
იოჰან ინგი იონსონი (ისლანდია).
ლაშა თაბაგარი