დავითაშვილი: „ისე ვერ მოვემზადეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა დაგვემსახურებინა“

0
13

ზურიკო დავითაშვილის აზრით, საქართველოს ნაკრები ისე ვერ მოემზადა, რომ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე გასვლა დაემსახურებინა. მან ამის შესახებ სტუმრად თურქეთის ნაკრებთან 1:4 წაგების შემდეგ ისაუბრა.
ზურიკო დავითაშვილი: „ცხელ გულზე დასკვნების გამოტანა რთულია. რაც გვინდოდა, ის ვერ გავაკეთეთ. მადლობა ჩვენს ქომაგებს, რომლებიც ამხელა გზაზე ჩამოვიდნენ და ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ, დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ისე ვერ მოვემზადეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა დაგვემსახურებინა.
თამაში რომ დაიწყო, თურქეთს ძალიან დიდი უპირატესობა არ ჰქონია, ვგულისხმობ გოლამდე მონაკვეთს, არეული თამაში იყო, ჩვენც გვქონდა რეალური მომენტი. სამწუხაროა ეს ყველაფერი. დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და აუცილებლად უფრო ძლიერები დავბრუნდებით. გუნდში ისევ ისეთი გარემოა, თუ უკეთესი არა. სტადიონზე ალბათ, სხვა ქიმია გვჭირდება, უნდა გამოვასწოროთ, არ მაქვს პასუხი, სად გაქრა ნაპერწკალი, მაგრამ ჩვენც ისე გვტკივა, როგორც თქვენ და არ დავნებდებით“,
საქართველოს ნაკრები, რომელსაც 3 ქულა აქვს, მუნდიალის შესარჩევში მომდევნო შეხვედრას 15 ნოემბერს ევროპის მოქმედ ჩემპიონ და E ჯგუფის ლიდერ ესპანეთთან (12 ქულა) თბილისში ჩაატარებს, ხოლო 18 ნოემბერს – უქულო ბულგარეთს ესტუმრება. თურქეთი 9 ქულით მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი