ვილი სანიოლი: “ამბიციის და შიშის გარეშე უნდა ვითამაშოთ”

0
11

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
უამინდობის გამო, საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში ფიტნეს დარბაზში გამართა. ვილი სანიოლის და გიორგი მამარდაშვილის პრესკონფერენცია კი, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
ვილი სანიოლი: “შეკრების ესპანეთში ჩატარება ჩვენთვის უფრო კომფორტული იყო. მნიშვნელოვანი იყო საკლუბო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელებისთვის ძალების აღსადგენად მეტი დრო მიგვეცა. ძალიან კარგი კვირა გვქონდა. ბოლო ორი დღე ცოტა წვიმიანი იყო, თუმცა ეს არ არის დიდი პრობლემა ჩვენთვის.
ვიცით, რომ საქართველოს და ესპანეთს შორის დიდი სხვაობაა. თუმცა, ჩვენი მიზანია, რომ თამაშიდან თამაშამდე შევამციროთ ჩვენს შორის არსებული სხვაობა. გიორგი ჩაკვეტაძის გარდა, ყველა წამყვანი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ვფიქრობ, ხვალ მოთამაშეებს ექნებათ იმის ჩვენების სურვილი, თუ რა ისწავლეს გასული თამაშების შემდეგ. ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთთან ჩატარებული ჩვენი ბოლო მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი კიტეიშვილის ტრავმა იყო. ვფიქრობ, ფეხბურთელებს სურთ იმის ჩვენება, რომ სხვაობა ესპანეთსა და საქართველოს შორის მცირდება. უნდა ითამაშონ ამბიციით და შიშის გარეშე. კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ კარგ თამაშზე და ვაჩვენოთ, რომ სწორ გზაზე ვართ.
როდესაც ესპანეთს, პორტუგალიას და მსგავსი უმაღლესი დონის გუნდებს ეთამაშები, რომლებსაც თითოეულ პოზიციაზე 5-6 უმაღლესი დონის მოთამაშე ჰყავს, ტრავმები არაფერს ცვლის. ესპანეთი იგივე დონის ფეხბურთს ითამაშებს, არ აქვს მნიშვნელობა იქნებიან თუ არა მოედანზე იამალი, ოლმო, უილიამსი. იგივე სირთულის თამაში გვექნება და ამისთვის მზად ვართ”.
გიორგი მამარდაშვილი: “ესპანეთთან უკვე ბევრი მატჩი გვაქვს ჩატარებული და დიდი გამოცდილება შევიძინეთ. ვფიქრობ, ხვალინდელი თამაში განსხვავებული იქნება. გასვლაზე ვთამაშობთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ და რთულ თამაშს ველით.
მართალია, ესპანეთს რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, თუმცა მათ ნაცვლად იგივე დონის მოთამაშეები გამოვლენ მოედანზე. საკუთარ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ. თუ გვინდა, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ თითოეულ მოთამაშეს საუკეთესო დღე უნდა ჰქონდეს. ბევრი უნდა ვიშრომოთ მოედანზე, თავი კარგად დავიცვათ და შეტევაზე ამის შემდეგ ვიფიქროთ. ეს არის ერთადერთი გზა ესპანეთის ნაკრებთან შედეგის მისაღწევად”.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში ესპანეთი – საქართველოს მატჩი ქალაქ ელჩეში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო საქართველო 3 ქულით მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი