მბაპე: „ამ საფრანგეთის ნაკრებს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს“

0
3
MOSCOW, RUSSIA - JULY 15: Kylian Mbappe of France celebrates with his Best Young Player Award following the 2018 FIFA World Cup Final between France and Croatia at Luzhniki Stadium on July 15, 2018 in Moscow, Russia. (Photo by Matthias Hangst/Getty Images)

კილიან მბაპეს მიაჩნია, რომ საფრანგეთის ამ ფორმაციის ნაკრებს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს, რომელშიც მას ოდესმე უთამაშია. ფრანგების კაპიტანმა ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში მაროკოსთან 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელშიც პენალტი გააფუჭა, მაგრამ მოგვიანებითა ანგარიში მაინც გახსნა.
„ეს საფრანგეთის ნაკრების ყველაზე ძლიერი არაა, რომელშიც მითამაშა, მაგრამ მას ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ საუკეთესო გუნდები ისაა, რომლებიც იგებენ.
პენალტი ცუდად დავარტყო, მაგრამ სიტუაცია მარტივი არ იყო, რადგან რაღაც გაურკვევლობა წარმოიშვა. არბიტრმა მითხრა, რომ პენალტი იქნებოდა და დარტყმისთვის მოვემზადე. შემდეგ მან მითხრა, რომ პენალტი არ დაინიშნებოდა. ამის გამო, ყურადღება გამეფანტა. ასეთ სცენარს არასოდეს შევჯახებივარ.
კოჭში მომარტყეს, მაგრამ კარგად ვარ. იმ მომენტში მატეტა უფრო უკეთესად იყო მზად, რომ მატჩის ბოლო 15 წუთი ეთამაშა“ – იუწყება ფრანგული მედია მბაპეს ნათქვამს, რომელიც მიმდინარე მუნდიალზე მატჩის საუკეთესო მოთამაშე კიდევ ერთხელ გახდა.
მბაპე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე 8-8 გოლი შეაგდო. მან მიმდინარე ტურნირზე ასევე 3 საგოლე პასი გააკეთა და ბოლო 60 წლის მანძილზე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ორ მუნდიალზე 10 ან მეტი საგოლე მოქმედება ჰქონდა. მბაპემ ოთხი წლის წინ კატარში 8 ბურთის გატანის გარდა, 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მბაპემ მუნდიალების პლეი-ოფში 12 მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო და თავისი რეკორდი გააუმჯობესა. მან მსოფლიო ჩემპიონატებზე თავი 20-ჯერ გამოიჩინა და არგენტინელთა კაპიტან ლიონელ მესის ერთი ბურთი ჩამორჩება. მიმდინარე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირებში 8-8 გოლით სწორედ მესი და მბაპე ლიდერობენ.
კილიანი საფრანგეთის ნაკრებში 2017 წლის გაზაფხულიდან გამოდის და 104 მატჩში 64 გოლი გაიტანა, პლუს 43 საგოლე პასი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი