გიორგი გოჩოლეიშვილმა გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა. „ჰამბურგი“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ამა წლის ზაფხულში შეუერთდა, სტუმრად ბერლინის „უნიონს“ დაუზავდა – 0:0. გოჩოლეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე შეცვალეს. იმავე წუთზე სტუმრებს უხეშობისთვის პორტუგალიელი ნახევარმცველი ფაბიო ვიეირა გაუძევეს. მასპინძლებს განვლილ შეხვედრაში ჰამბურგელთა კარის აღების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ მე-10 წუთზე ილიჩმა პენალტი ვერ გამოიყენა. „ჰამბურგი“ 5 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 პოზიციაზეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-7 ტურში დონეცკის „შახტარმა“ გასვლაზე ლვოვის „რუხს“ 4:0 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი ირაკლი აზაროვი გამარჯვებულთა თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „შახტარი“ 17 ქულით 16-გუნდიანი სატურნირო ცხრილის სათავეშია.
ლაშა თაბაგარი





