„დილამ“ სხვაობა უფრო გაზარდა, ბათუმელებმა ბოლო წუთზე წააგეს

0
17

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერმა გორის „დილამ“ მეორეადგილოსან თბილისის „იბერიასთან“ ქულებს შორის სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. 26-ე ტურში იტალიელი დიეგო ლონგოს გაწვრთნილებმა აუტსაიდეი ფოთის „კოლხეთი“ მიიღეს და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 74-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ შეტევა თავისი ნახევრიდან დაიწყო და მოედნის ცენტრს მიახლოებულმა კარგი პასით მეკარესთან პირისპირ ებრაელი ფორვარდი აბდალა გაიყვანა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა – 1:0.
„დილა“ 59 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და „იბერიას“ 6 ქულით ასწრებს.
დილა 1:0 კოლხეთი 1913
ბათუმის „დინამომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და 1:2 წააგო. შეხვედრის 33-ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ კუთხური ჩააწოდა და ახლო ძელთან გახსნილმა ირაკლი ჯანჯღავამ თავი გაიტანა – 0:1.
90-ე წუთზე ბათუმელთა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ქაფიანიძემ დაახლოებით 26-27 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და „სამგურალის“ უკრაინელი მეკარე როსტისლავ ბელოვი ხელებით შეეხო ბურთს, რომელიც კარში აღმოჩნდა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ბრაზილიელმა ვინისიუსმა კარგი პასი მეკარესთან პირისპირ თანამემამულე კლაუდიო სებოლინია გაიყვანა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა – 1:2.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი ბათუმის „დინამო“ 35 ქულით მეხუთეა, ხოლო ბრაზილიელი ტიაგო გომესის დამოძღვრილი „სამგურალი“ 26 ქულით მეშვიდეა.
დინამო ბთ 1:2 სამგურალი
ლაშა თაბაგარი