კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში „რამაზ შენგელიაზე“ შედგა, სადაც „ტორპედომ“ თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქე თბილისის „დინამო“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ ქულა აიღო.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოხუმის დაცემიდან 32 წელიწადი გავიდა. ამიტომ, გუნდები მოედანზე სპეციალური მაისურებით გავიდნენ, რომლებზეც ეწერა: „ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს“. მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბის წევრება, მსაჯებმა და გულშემატკივრებმა პატივი აფხაზეთის ომის დროს დაღუპულებს მიაგეს.
38-ე წუთზე განელმა ფორვარდმა ბარნს ოსეიმ მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილი გიორგი ხარაიშვილი მოძებნა, რომლის „ცაციათი“ დარტყმის შემდეგ ბურთი კარის შორეულ ძელს მოხვდა.
ტაიმის მიწურულს თბილისელების ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, „ტორპედოს“ კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა თავის საჯარიმოში თავით ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც კართან ახლოს მდგომა ვასილიოს გორდეზიანს მიუვიდა და დაარტყა, მაგრამ სერბ მეკარე ფილიპ კლიაიჩს ვერ აჯობა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „დინამოს“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ბრაზილიელი პირესის დარტყმული ბურთი მცველმა მოიგერია და სერბ ანდრიჩს მიუვიდა, რომლის დარტყმა ასევე დაიბლოკა, მაგრამ მან პასი ნორვეგიელი ბიორნ იიონსენის მიმართულებით გააკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0.
69-ე წუთზე სენეგალელი ონორე გომისისგნა „ტორპედოს“ საჯარიმოში ბურთი თორნიკე მორჩილაძემ მიიღო და შეეცადა გვერდი ალეკო ბასილაძისთვის აევლო, რომელმაც წააქცია, ხოლო მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა პენალტი დანიშნა, მორჩილაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 1:1.
78-ე წუთზე ქუთაისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ირაკლი სირაძემ კოტდივუარელი სორი მანეს აჯობა და მახვილი კუთხიდან გატანას შეეცადა, თუმცა, კლიაიჩმა საიმედოდ ითამაშა.
83-ე წუთზე ხარაიშვილმა საუცხოო ფინტით სორი მანე ჩამოიშორა და თითქმის საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, მაგრამ კლიაიჩმა ბურთი მოიგერია, ბარნს ოსეიმ კი ხელსაყრელი პოზიციიდან ცუდად დაარტყა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე პაატა ღუდუშაურმა დაახლოებით 16 მეტრიდან შორეულ კუთხეში დაარტყა და გიორგი ლორიამ „დინამო“ გოლის გაშვებას გადაარჩინა.
ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი „დინამო“ 42 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა, ხოლო გერმანელი დირკ შუსტერის თავკაცობით „ტორპედომ“ 40 ქულა დააგროვა და მეოთხეა.
ტორპედო 1:1 დინამო თბ
ლაშა თაბაგარი





