თბილისის „იბერია“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში სტუმრად თანაქალაქელ „დინამოსთან“ წაგების შემდეგ, გია გეგუჩაძემ თანამდებობა დატოვა.
60 წლის სპეციალისტმა აგვისტოში „იბერიას“ თავკაცის პოსტზე ლევან კორღალიძეს შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდი შარშან გაჩემპიონდა, ხოლო მიმდინარე სეზონის სტარტიდან სატურნირო ცხრილს წაუგებლად ლიდერობდა. თუმცა, მას ევროთასებზე წარუმატებლობა არ აპატიეს.
გეგუჩაძის მისვლის შემდეგ, „იბერიამ“ 8 მატჩში 11 ქულა აიღო და 3 თამაში წააგო, მათ შორის ორი შინ აუტსაიდერებთან – „თელავთან“ და „კოლხეთთან“. შედეგად, „იბერიამ“ პირველი ადგილი დაკარგა და ლიდერ გორის „დილას“ 4 ქულით ჩამორჩა.
ლაშა თაბაგარი





