კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით თბილისის „იბერია“ გორში „დილას“ ესტუმრა და სამი ქულა აიღო.
მატჩამდე მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ პირველ ადგილზე იმყოფებოდა და იტალიელი დიეგო ლონგოს გაწვრთნილ გორელებს მქოლოდ ქულით ასწრებდა.
შეხვედრის დასაწყისში „დილას“ შეტევა ოთარ ფარულავამ საჯარიმოს გარედან შორეულ „ცხრიანში“ დარტყმით დაასრულა და თბილისელები გოლის გაშვებას გიორგი მაკარიძემ ნახტომში გადაარჩინა.
34-ე წუთზე „იბერიას“ იერიშის დროს მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა იური ტაბატაძემ პასი კარის წინ მდგომ გიორგი ტაბატაძეს გაუკეთა, რომელსაც ბურთი ბრაზილიელი ჟოაო არაუჟოს ფეხიდან მიუვიდა და ანგარიში გახსნა – 0:1.
41-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა ბურთი „დილას“ ნახევარზე მიიღო და დაახლოებით 25 მეტრიდან კარში დაარტყა, ხოლო მეკარე დავით კერესელიძის ძალიან არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ, ანგარიში კიდევ უფრო გაიზარდა – 0:2.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მთავარმა მსაჯმა გიორგი კიკაჩეიშვილმა პორტუგალიელი მცველი პედრო მენდეში გააძევა, რომელიც იური ტაბატაძეს ფეხებში უკნიდან ჩაუვარდა და წააქცია. მსაჯის მიერ ტაიმისთვის დამატებულ წუთებში ტრიბუნაზე ვითარება დაიძაბა და შეხვედრა რამდენიმე წუთი შეჩერდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „იბერიამ“ საუცხოო კომბინაცია გაითამაშა, რომელშიც რამდენიმე ფეხბურთელი ისე მონაწილეობდა, რომ ბურთს თითოჯერ შეეხო, ხოლო საბოლოო დარტყმა კარის ახლოდან გიორგი ტაბატაძემ შეასრულა – 0:3. ამ უკანასკნელმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი დუბლი შეასრულა.
55-ე წუთზე იური ტაბატაძემ „დილას“ კარიდან დაახლოებით 18 მეტრის მოშორებით მიიღო ბურთი, რომელიც „ცხრიანში“ გაგზავნა – 0:4. 67-ე წუთზე „დილა“ მოედანზე 9 კაცით დარჩა, რადგან ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა უკნიდან ფეხი ფეხში გამოჰკრა თორნიკე ახვლედიანს, რომელიც მოედანზე დაეცა. 68-ე წუთზე იური ტაბატაძემ დაახლოებით 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა – 0:5. 77-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანი „დილას“ მეკარესთან პირისპირ გავიდა და დაარტყა, მაგრამ დავით კერესელიძე ბურთს დაეუფლა. 85-ე წუთზე დანილე ქვარცხავა „დილას“ საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და შეეცადა გვერდი აეარა მცველისთვის, რომლის ფეხიდან ბურთი იური ტაბატაძეს მიუვიდა, ამ უკანასკნელის პასის შემდეგ კი, თითქმის კარის ხაზზე მდგომა ახვლედიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:6.
„იბერია“ 48 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დარჩა, ხოლო „დილა“ 44 ქულით – მეორეზე.
დილა 0:6 იბერია 1999
ქუთაისის „ტორპედომ“, რომელიც სეზონის მეორე ნახევარს ძალიან ცუდად ატარებს, შინ „თელავს“ ვერ მოუგო – 1:1. თან ისიც სათქმელია, რომ 31-ე წუთიდან სტუმრები კაცნაკლული თამაშობდნენ, რადგან უხეშობის გამო მიხეილ ბაშალეიშვილი გააძევეს.
51-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა კუთხური ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში ბურთს მიმართულება სოლომონ კვერკველიამ შეუცვალა, ხოლო კარის შორეულ ძელთან მდგომმა სერბმა კომნენ ანდრიჩმა ანგარიში გახსნა – 1:0.
66-ე წუთზე ნიკა ცეცხლაძემ მარჯვენა ფლანგიდან „ტორპედოს“ საჯარმოში ჩააწოდა და კვირკველია შეეცადა მკერდით პასი მეკარისთვის გაეკეთებინა, მაგრამ იქვე დააგდო ბურთი, რომელსაც კარში ადგილი ტატო ჟივიძემ მიუჩინა – 1:1.
გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით „ტორპედოს“ 32 ქულა აქვს და მეხუთეა, ხოლო „თელავი“ 17 ქულით მეცხრეა.
ბათუმის “დინამომ” “გაგრა” მიიღო და 1:2 დამარცხდა. მე-17 წუთზე ლუკა ლაკვეხელიანის დარტყმის შემდეგ, მეკარის მოგერიებული ბურთი ზურაბ ჭავჭანიძის ფეხიდან ლევან ხოზრევანიძეს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა. 32-ე წუთზე გიორგი პაპუაშვილმა ბათუმელთა ნახევარზე ბურთი გიორგი კოხრეიძეს აართვა და დაახლოებით 25 მეტრიდან ეფექტური გოლი გაიტანა. 84-ე წუთზე გაგრელთა კომბინაციის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ბრაზილიელმა პედრო ბირჟესმა გარე ტერფით შორეულ კუთხეში გაიტანა – 1:2. გიორგი ჭიაბრიშვილის თავკაცობით ბათუმელებმა 33 ქულა დააგროვეს და მე-4 პოზიციაზე არიან, ხოლო გიორგი ონიანის გაწვრთნილი “გაგრა” 23 ქულით მეექვსეა.
ტორპედო 1:1 თელავი
წყალტუბოს “სამგურალმა” “დილა” მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
ოთხივე გოლი ბოლო 25 წუთში გავიდა. სამგურალი დაწინაურდა ვინისიუსის დაბალი დარტყმის მერე. იქ ლაშა კვარაცხელიამ გააკეთა კარგი პასი.
მე-80 წუთზე წყალტუბოელებმა მეორე გაიტანეს და ბევრი იფიქრებდა, რომ მატჩის ბედიც გადაწყდა. ლუკა ხორხელმა მოიპოვა თერთმეტმეტრიანი და თავადვე გამოიყენა – 2:0. დრო ცოტაღა რჩებოდა, თუმცა გარეჯმა ქულის მოპოვება შესძლო.
ჯერ ნიკოლოზ გალახვარიძის ჩაწოდებას მოჰყვა გიორგი გოგოლაშვილის ზუსტი თავური; მერე კი მათე ქომეთიანის ჩაწოდებულ ბურთს გუნდის კაპიტანმა ლევან პაპავამ ეფექტურად შეაგება თავური… მოკლედ, ორივე გოლი თავით. თან, გოგოლაშვილიც და პაპავაც შეცვლაზე შევიდნენ.
სამგურალს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მეექვსე ადგილზეა. გარეჯი კი მერვეზეა.
სამგურალი 2:2 გარეჯი
ლაშა თაბაგარი





