კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მეორე სათამაშო დღემ სტარტი „მიხეილ მესხი 2“-ზე აიღო, სადაც თბილისის „დინამომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მატჩის დაწყებამდე “დინამოს” დირექტორმა ზაზა დოლიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსმეკარე გიორგი ლორიას მაისური გადასცა, რომელზეც ციფრია 198-ია გამოსახული. საქმე ისაა, რომ ლორია საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით კლუბის რეკორდსმენი გახდა და გიორგი შაშიაშვილის მიღწევა გააუმჯობესა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 63-ე წუთზე ანგარიში ბრაზილიელმა ველისოლმა გახსნა, როდესაც დემურ ჩიხლაძემ პასი თავისი ნახევრიდან გაუკეთა და საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა – 0:1.
72-ე წუთზე გიორგი ლორიამ თავისი საჯარიმო მოედნიდან ფეხით პასი მეტოქის ნახევარზე გახსნილ თორნიკე მორჩილაძეს გაუკეთა, რომელიც ჯერ ორ მცველს გაექცა, ხოლო შემდეგ საჯარიმოს გარეთ გამოსულა მეკარეს და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილ „დინამოს“ 31 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო „სამგურალი“ 22 ქულით მეექვსეა.
დინამო თბ 1:1 სამგურალი
ლაშა თაბაგარი





