რონალდუ: „ტანჯვა უნდა ვისწავლოთ, რათა ასეთი მასშტაბის ტურნირი მოვიგოთ“

0
1

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში ხორვატიასთან 2:1 მოგების მერე განაცხადა, რომ ტანჯვა უნდა ისწავლონ, რათა ასეთი მასშტაბის ტურნირი მოიგონ.
„დღეს იმის გაგება მოგვიწია თუ ტანჯვა რაა. ჩვენ ტანჯვა უნდა ვისწავლოთ, რათა ასეთი მასშტაბის ტურნირი მოვიგოთ. მაყურებლებისთვის ძალიან საინტერესო მატჩი აღმოჩნდა. პირველ ტაიმში თამაშს ცოტა ვაკონტროლებდით, ხოლო მეორე ტაიმი უფრო ქაოტური იყო. მეტოქემ გაგვიტანა და ცოტა ავნერვიულდით, მაგრამ ემოციური გარღვევა მოხდა, როდესაც პენალტი გავიტანეთ. ამის შემდეგ თამაში ცოტა გაადვილდა, მაგრამ სირთულეები მაინც გვქონდა, თუმცა, ეს ტურნირი ასეთია და წინსვლა უნდა განვაგრძოთ.
სანაკრებო კარიერის დასრულებას რაც შეეხება, გამარჯვებისა და თუ წაგების შემდეგ დრო მექნება. ოჯახის წევრებს დაველაპარაკები და საუკეთესო გადაწყვეტლებას მივიღებ. ცხელ გულზე გადაწყვეტილებას აღარ ვიღებ, ყველაფერს მშვიდად ვაკეთებ. ეს განსაკუთრებული დღეს ჩვენი ჟოტასთვის, რომელიც ზემოდან დაგვყურებდა. ვიცოდით, რომ ის ჩვენს გვერდითაა და ამიტომ უნდა გაგვემარჯვა, რათა მისი ხსოვნისთვის პატივი საუკეთესოდ მიგვეგო“ – იუწყება პორტუგალიური მედია რონალდუს ნათქვამს, რომელმაც პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა.
რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატების პლეი-ოფში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მან სანაკრებო დონეზე 146 ბურთი შეაგდო, ხოლო კარიერაში – 976-ე. 41 წლის რონალდუ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ითამაშა და თან მეტოქის კარი აიღო. რონალდუმ მუნდიალებზე 26-ე თამაში ჩაატარა და მხოლოდ ლიონელ მესის (29) ჩამორჩება. რონალდუმ კარიერაში 220 პენალტი დაარტყა და 184-ჯერ მოწინააღმდეგეები დაამწუხრა. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთმანეთს 40 წელს გადაცილებული ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ – 41 წლის რონალდუ და ხორვატების კაპიტანი ლუკა მოდრიჩი, რომელსაც 41 წელი სექტემბერში შეუსრულდება. რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე 25 გოლი გაიტანა.
თამაშის შემდეგ, რონალდუმ 1/8-ფინალში გასვლა შარშან ავტოკატასტროფაში დაღუპული პორტუგალიის ნაკრების ფორვარდის დიეგუ ჟოტას მაისურით აღნიშნა.პორტუგალიელები 1/8-ფინალში ესპანელებს დაუპირისპირდებიან. მატჩი 6 ივლისს გაიმართება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი