“ჩელსი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველი ფინალისტია

0
16

აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ლონდონის “ჩელსია”. 1/2-ფინალში ენცო მარესკას გაწვრთნილი გუნდი ბრაზილიის “ფლუმინენსეს” შეხვდა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.
მატჩის გმირი ბრაზილიელი ჟოაო პედრო აღმოჩნდა, რომელიც 2019 წელს “ფლუმინენსეში” გამოდიოდა. მან ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა, როდესაც დაახლოებით 20 მეტრიდან “მოჭრილი” დარტყმით ბურთი შორეულ “ცხრიანში” ჩასვა.
56-ე წუთზე “ჩელსის” კონტრშეტევის დროს ჟოაო პედრო საჯარიმოსი მისადგომებთან ორ ფეხბურთელს გაცდა და ძლიერად დაარტყა – ბურთი ზედა ძელს მოხვდა და კარში შევარდა.
13 ივლისს გასამართ ფინალში “ჩელსის” მომავალი მეტოქე დღეს მადრიდის “რეალისა” და ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს შორის გამარჯვებული იქნება.
“ჩელსიმ” ფინალში გასვლისთვის უკვე 110 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ტურნირს თუ მოიგებს კიდევ 10 მილიონ დოლარს მიიღებს.
ლაშა თაბაგარი