თბილისის “იბერიას” მთავარი მწვრთნელის ლევან კორღალიძეს “მალმიო” ძლიერ გუნდად მიაჩნია, მაგრამ პირობას დებს, რომ მისი ფეხბურთელების წარმატების მისაღწევად ბოლომდე დაიხარჯებიან. მან ამის შესახებ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთის ჩემპიონთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს ჩემპიონის ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილიც დაესწრო.
ლევან კორღალიძე: “მოსამზადებელი პერიოდით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრი ისეთი რამ დავგეგმეთ და გავიარეთ, რაც ევროტურნირებზე დაგვეხმარება.
ვერც ერთი მწვრთნელი იტყვის, რომ სელექციით ბოლომდე კმაყოფილია. პირადად მე მიხარია, რომ ახალწვეულების ინტეგრირებია გუნდში მალე მოხდა. დროის დეფიციტი შეძლებისდაგვარად მალე დაძლიეს. მათ ჩვენს გუნდში ადაპტაციას დადებითად შევაფასებ.
რაც შეეხება გელაშვილს, ჯერჯერობით კვლავ ჩვენთან არის. 2-3 თვის მერე არ ვიცი რა იქნება. მისი დიდი იმედი გვაქვს. სუპერთასის მოგება ძალიან გვინდოდა. სიმართლე რომ გითხრათ, ცალი თვალით მაინც ევროტურნირებისთვის ვიხედებოდით. ალბათ შედეგზე ამანაც იქონია გავლენა, თუმცა ეს ამად ღირდა.
გამიხარდება თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს. თამაში 8 საათზეა და არ მგონია დიდი სიცხე იყოს. ჩვენი უპირატესობა შესაძლოა საშინაო კედლები და გულშემატკივრები იყოს. ქომაგების დიდი იმედი გვაქვს. მინდა მათ ვთხოვო, რომ თამაშზე მოვიდნენ. პირობას გაძლევთ, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ.
ქვარცხავა ძალიან კარგი ფეხბურთელია. ჩვენი გუნდი გამოირჩევა იმით, რომ ახალგაზრდებს ყოველთვის ვაძლევთ შანსს. მას შეუძლია დაგვანახოს, რომ კონკურენტუნარიანია. შანსი ყველას მიეცემა.
“მალმიოს” ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. რამდენიმე დღის წინ სერბი მცველი დაიმატეს. მათ ამხანაგურ თამაშს ვუყურეთ. აქვთ ის რესურსი, რომ ფეხბურთელები უმტკივნეულოდ შეცვალონ.
“მალმიო” მოქმედი ჩემპიონია. ამ სეზონში გუნდი მე-5 ადგილზეა და კარგი დრო არ უდგას. რა თქმა უნდა იდეალური გუნდი არ არსებობს და მათაც აქვთ მინუსები. შეძლებისდაგვარად შევეცდებით მათი სისუსტეები გამოვიყენოთ. რამდენიმე კარგი ფებხურთელი ჰყავთ, თუმცა გუნდურად უფრო კარგები არიან. “მალმიო” ხშირად თამაშის მსვლელობის დროს ცვლის სისტემას. ეს ბირთვი დიდი ხანია, რაც ერთადაა. იმედია, შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ.
“მალმიოში” შარშანდელთან შედარებით ფეხბურთელების მხრივ დიდი სხვაობა არაა, რამდენიმე მოთამაშე წავიდა და რამდენიმე დაიმატეს. თუ რატომ არიან მოქმედი ჩემპიონები მე-5 ადგილზე, ეს უკვე მათი შიდა საქმეა.
სუპერთასზე სქემა იმიტომ შევცვალეთ, რომ ევროტურნირებისთვის ვცადეთ. საქართველოს ჩემპიონატშიც მანამდე რამდენჯერმე გადავეწყვეთ. “მალმიოსთან” სიახლეებს ვგეგმავთ.
მათმა მწვრთნელმა თქვა, რომ წინა სეზონში ბურთის ფლობა უფრო მეტი ჰქონდათ, ვიდრე წელს. წელს ნაკლებად აქვთ ბურთის ფლობაზე აქცენტი გაკეთებული. “მალმიო” ახლა სისწრაფეზე უფროა ორიენტირებული. სწრაფად გადადის შეტევებზე. დღეს უკვე ნაკლებად ჩანს მათი დინამიკურობა და ბურთის ფლობა”.
გიზი მამაგეიშვილი: “ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება? ეს ამბავი უკვე მიმალულია მეხსიერებაში, რადგან ევროტურნირის თამაშებზე ვარ კონცენტრირებული. როგორ მოვემზადეთ, ეს ხვალინდელ შეხვედრაში გამოჩნდება.
თამაშისთვის ბოლომდე ვარ კონცენტრირებული. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ემოციები აღარ მაქვს ჩარჩენილი. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.
“მალმიოს” რომელიმე ფეხბურთელი გამოკვეთილად არ ვიცით. შარშან “ბაშაქშეჰირს” რომ ვეთამაშეთ, ამ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს დაგისახელებდით, ხოლო “მალმიო” გუნდურად გვყავს შესწავლილი და შევეცდებით ეს საჩვენოდ გამოვიყენოთ.
შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ვისურვებდი შედარებით სუსტი მეტოქე შეგვხვედროდა. “მალმიოს” სიძლიერე ჩვენს წარმატებას შეუძლებელს არ ხდის. დიდი იმედი გვაქვს გულშემატკივარი მოვა”





