კვარაცხელია მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ

0
9

პსჟ, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.
1/4-ფინალში მადრიდელები დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდნენ და 3:2 დაამარცხეს.
შეხვედრის მე-10 წუთზე თურქი არდა გიულერის ზუსტი გადაცემის შემდეგ, კარის წინ მდგომმა გონსალო გარსიამ ანგარიში გახსნა – 1:0. მე-20 წუთზე მადრიედელთა შეტევის დროს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მარჯვენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში ფრან გარსიას გაუკეთა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 2:0.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ანტონიო რუდიგერმა თავის საჯარიმოში ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც მაქსიმილიან ბაიერს მიუვიდა და გერმანელმა კურტუას კარი აიღო – 2:1.
ერთ წუთში მეტოქის ნახევარზე მყოფმა არდა გიულერმა გადაცემა შეცვლაზე შესულ კილიან მბაპეს გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან ნახევრად „მაკრატელათი“ შეაგდო – 3:1.
96-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასული გირასი „რეალის“ მცველმა ჰიუსენმა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ადეიემიმ გამოიყენა – 3:2.
„რეალი“ – პსჟ-ს მატჩი 9 ივლისს შედგება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 8 ივლისს მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ლონდონის „ჩელსი“ და ბრაზილიის „ფლუმინენსე“ დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი