პსჟ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის. აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4-ფინალში გავიდა.
ატლანტაში ჩატარებულ 1/8-ფინალში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პარიზელები „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდნენ, რომლის კაპიტანი ლიონელ მესია და 4:0 გაანადგურეს.
პსჟ პირველიდან ბოლო წუთამდე დომინირებდა, რაც ტაბლოზე დაფიქსირებულ ანგარიშში აისახა. მატჩის დასაწყისში საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი სამ მეტოქეს გაექცა და საჯარიმოში შესულმა პასი დეზირე დუეს მისცა, რომელმაც ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და გოლი ან საგოლე პასი არ გაუკეთებია, მაგრამ მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
შეხვედრის მე-6 წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ვიტინიამ ბურთი მეტოქის კარის შორეულ ძელთან ჩაჰკიდა, სადაც უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ჟოაო ნევეშმა თავით გაიტანა – 1:0. 39-ე წუთზე პარიზელებმა მეტოქეს ბურთი მისსავე ნახევარზე აართვეს და კარგი კომბინაციის შემდეგ, ნევეშმა პროფესიონალურ კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა – 2:0.
44-ე წუთზე პსჟ-ს მორიგი შეტევის დროს პარიზელთა ნახევარზე მყოფმა დეზირე დუემ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და ფაბიან რუისთან ორთაბრძოლის დროს ავილესმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა – 3:0. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე აშრაფ ჰაკიმის დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ მაიამელთა მცველს შეეხო და შემდეგ ზედა ძელს მოხვდა, ხოლო დამატებაზე მაროკოელმა ამჯერად ზუსტად ითამაშა – 4:0.
მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა და პსჟ 5 ივლისს 1/4-ფინალში ბრაზილიის „ფლამენგოს“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი
