ივან პერიშიჩმა პსვ-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ ნიდერლანდური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ხორვატიის ეროვნული ნაკრების 36 წლის გარემარბმა ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდე დადო. ის პსვ-ს გასული წლის სექტემბერში შეუერთდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 39 მატჩში 16 გოლი გაიტანა, პლუს 11 საგოლე პასი გააკეთა. მან ეინდჰოვენელებთან ერთად ნიდერლანდების ჩემპიონატი მოიგო.
პერიშიჩი პსვ-ს ისტორიაში ყველა ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში/ჩემპიონთა თასზე გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის პირველ მატჩში ნიდერლანდური გუნდი სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან“ 1:2 დამარცხდა და 36 წლის ხორვატმა 56-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
პსვ-ში გადასვლამდე პერიშიჩი კარიერის განმავლობაში ბელგიის „რუზელარეში“, „ბრიუგეში“, გერმანიის დორტმუნდის „ბორუსიაში“, „ვოლფსბურგში“, მილანის „ინტერში“, მიუნხენის „ბაიერნში“, ლონდონის „ტოტენჰემში“ და სპლიტის „ჰაიდუკში“ გამოდიოდა.
2011 წლიდან დღემდე მან ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 144 მატჩში 36 გოლი გაიტანა. პერიშიჩმა ხორვატებთან ერთად 2018 წლის მსოფლიო ჩემოიონატის ვერცხლის მედალი მოიგო, ხოლო 2022-ში – ბრინჯაოს.
ლაშა თაბაგარი
