ოლივიე ჟირუ და “ლოს ანჯელესი” მოქმედი კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რის შესახებ MLS-ის კლუბის პრესსამსახური იუწყება.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 38 წლის ექსთავდამსხმელი გუნდში ბოლო მატჩს 29 ივნისს „ვანკუვერთან“ ჩაატარებს.
ჟირუ „ლოს ანჯელესში“ 2024 წლის ზაფხულიდან გამოდიოდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 37 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჟირუ კარიერას „ლილში“ გააგრძელებს.
ის საფრანგეთის ნაკრებში 2011 წლიდან გამოდიოდა და 131 მატჩში გატანილი 57 გოლით „სამფეროვანთა“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
მან ფრანგებთან ერთად მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატი და ერთა ლიგა (2021) მოიგო. გარდა ამისა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე და მსოფლიო 2022 წლის მუნდიალზე ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი
