„სპაერი“ სუპერთასის ფინალში „დილას“ შეხვდება

0
9

საქართველოს დავით ყიფიანის თასის მოქმედი მფლობელი თბილისის „სპაერი“, რომელიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში გამოდის, სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ფინალში გავიდა. ანზორ კიღურაძის გაწვრთნიმა გუნდმა დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე სუპერთასის შარშანდელ გამარჯვებულ ქუთაისის „ტორპედოს“ აჯობა, რომელსაც გერმანელი დირკ შუსტერი ავარჯიშებს.
მატჩის საწყის წუთებში მეტოქის ნახევარზე მყოფმა გერმანელმა მცველმა მოჰამედ შერიფმა ზუსტი პასი გაუკეთა „სპაერის“ საჯარიმოში გახსნილ გიორგი კოხრეიძეს, რომელმაც ვარდნაში კარგად ვერ დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
43-ე წუთზე ბრაზილიელმა ერიკ პიმენტელმა თავის საჯარიმოში გიორგი ცეცხლაძე წააქცია და მთავარმა მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა პენალტი დანიშნა. გარდა ამისა, პიმენტელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „ტორპედო“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა.
საბა გეგიაძემ თერთმეტმეტრიანი ძალიან ცუდად შეასრულა და ბურთი კარს გადააცილა. მსაჯის მიერ პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთებში ცეცხლაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
შესვენების შემდეგ მოედანზე ვლადიმერ მამუჩაშვილი გამოჩნდა, რომელსაც „ტორპედოში“ დებიუტი ჰქონდა. მეორე ტაიმის განახლებიდან 5 წუთში ცეცხლაძე ქუთაისელთა საჯარიმოში დავით კვერკველიას გაცდა და დაარტყა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო ლევან ბარაბაძის დამატებული უზუსტო აღმოჩნდა.
65-ე წუთზე სამხრეთ აფრიკელი მატენჯვა შეტევის მარჯვენა ფლანგზე მცველს გაცდა და საჯარიმოში შესულმა მახვილი კუთხიდან დაარტყა, ხოლო გოშაძის ხელიდან ბურთი ზედა ძელს მოხვდა, გეგიაძემ დაამატა, მაგრამ „ტორპედოს“ მეკარემ საოცარი რეაქციით კარი „მშრალად“ შეინახა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ქუთაისელთა კარს საჯარიმოში მყოფი ცეცხლაძე დაემუქრა და ისევ გოშაძემ იყოჩაღა. 88-ე წუთზე ცეცხლაძე ისევ გაექცა კვერკველიას და საჯარიმოს ხაზიდან მისი დარტყმული ბურთი გოშაძემ უკუაგდო, თუმცა შეტევა ცალუღელაშვილმა გააგრძელა, რომელმაც ქუსლით პასი ცეცხლაძეს გაუკეთა, რომლის დარტყმული კვერკველიამ დაბლოკა.
ცნობისთვის, „სპაერში“ ორი გიორგი ცეცხლაძე თამაშობს და მეორე მათგანი შეცვლაზე 86-ე წუთზე შევიდა, ხოლო 90-ე წუთზე გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში გიგა სამხარაძე „ტორპედოს“ საჯარიმოში ორ მცველს გაექცა და ახლო კუთხეში დაარტყა, გოშაძემ კი ბურთი ფეხით მოიგერია.
მატჩის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და სუპერთასის რეგლამენტის თანახმად, დამატებითი დრო არ დაინიშნა, პენალტების სერიაში კი „სპაერმა“ 4:3 მოიგო.
თბილისელები 2 ივლისს სუპერთასის ფინალში გორის „დილას“ შეხვდებიან, ხოლო ერთი დღით ადრე თბილისის „იბერია“ და „ტორპედო“ მესამეადგილოსანის ვინაობას გაარკვევენ.

ლაშა თაბაგარი