თბილისის „იბერიას“ მთავარ მწვრთნელ ლევან კორღალიძეს ეიმედება, რომ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ნახევარფინალში გორის „დილასთან“ 1:3 მარცხის შემდეგ, სწორ დასკვნას გამოიტანენ.
ლევან კორღალიძე: „სუპერთასზე ოფიციალური თამაში წავაგეთ, მაგრამ კარგია, რომ წაუგებელი სერია ეროვნულ ლიგაში არ შევწყვიტეთ. ველოდით, რომ „დილასთან“ რთული მატჩი გვექნებოდა. შეკრების შემდეგ თამაში ყოველთვის ძნელია. მინდა, გორის „დილას“ წარმატება მივულოცო.
დიდი იმედი მაქვს, რომ ამ წაგებიდან სწორ დასკვნას გამოვიტანთ და შემდეგ შეხვედრას ბევრად უკეთ მომზადებულები შევხდებით.
ვერ ვიტყვი, რომ წაგების მიზეზი ეროვნულ ლიგაში გამოცხადებული პაუზა იყო, რადგან ყველამ დავისვენეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მაგრამ ხდება, ფეხბურთია და სამწუხაროდ, წავაგეთ.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებამდე ეს მარცხი კარგი გაკვეთილი იყო. წაგება ყოველთვის მეტად გაფიქრებს და სწორი დასკვნებისკენ გიბიძგებს. იმედია, ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდება“.
