„ლიონი“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში დააქვეითეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით ამის მიზეზი კლუბში არსებული ფინანსური დარღვევებია,
გადაწყვეტილება ადმინისტრაციული კონტროლის ეროვნულმა დეპარტამენტმა ( DNCG) მიიღო. „ლიონმა“ ეს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა. კლუბის ოფიიალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი გაუგებარია, რადგან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ ნახსენებ დეპარტამენტთან, რომლის ყველა მოთხოვნა ინვესტიციებთან და სააქციო კაპიტალთან დაკავშირებით შეასრულეს. გარდა ამისა, ფრანგული კლუბის მეპატრონის მიერ ინგლისის „კრისტალ პალასის“ გაყიდვის შემდეგ, „ლიონის“ ფინანსური მდგომარეობა მომავალი სეზონისთვის გაუმჯობესდა.
დამტკიცებული კაპიტალისა და გუნდის მიერ ევროთასების საგზურის მოპოვების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელებს არ ესმით თუ რატომ დააქვეითეს ასეთი დიდი ფრანგული კლუბი.
24 წლის მიქაუტაძემ „ლიონში“ ჩატარებულ სადებიუტო სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ნათამაშებ 33მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე ორ თამაშში მოწინააღმდეგის კარი ორჯერ აიღო, ხოლო ევროპა ლიგაში 11-ჯერ ითამაშა და 4 გოლის გატანის გარდა, 5 საგოლე პასი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი





