ქუთაისის “ტორპედო” აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა მერაბ გიგაურმა დატოვა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
“მერაბ გიგაურსა და “ტორპედოს” შორის არსებული ხელშეკრულება ფეხბურთელის თხოვნით ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. კლუბმა გაითვალისწინა ის წვლილი, რომელიც მერაბ გიგაურს გუნდის წარმატებაში მიუძღვნის და მას კარიერის უცხოეთში გაგრძელებაში ხელი შეუწყო. ჩვენი კლუბის მაისურით გიგაურმა ჯამში 9 სეზონი ჩაატარა. “ტორპედოსთან” ერთად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, სამჯერ მოიგო ქვეყნის სუპერთასი, ორჯერ – საქართველოს თასი.
გვსურს, მერაბს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადოთ და კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებები ვუსურვოთ. წლების განმავლობაში ის შრომის, ბრძოლის და ერთგულების ნამდვილი მაგალითი იყო. მადლობა კაპიტანო!” – ნათქვამია “ტორპედოს” განცხადებაში.
მერაბ გიგაური: “ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება და გუნდის დატოვება. წლების განმავლობაში “ტორპედო” ჩემთვის ოჯახად იქცა. იყო მარტივი და მძიმე დღეები, იყო ტკივილიც და დიდი სიხარულიც, მაგრამ ყველაფერს ერთი რამ აერთიანებდა – ამ კლუბის მაისურით ყოველთვის ვიბრძოდი მთელი გულით. ვცდილობდი, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამეღო და თავი არასდროს დამეზოგა არც მოედანზე და არც – მის მიღმა.
მადლობა “ტორპედოს” – კლუბს, რომელიც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო და იქნება. მადლობა თითოეულ თანაგუნდელს, მწვრთნელებს, მთლიან სტაფს. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს. განსაკუთრებული მადლობა “ჯუნგლებს”, საუკეთესო გულშემატკივრებს, რომლებიც ყველა მომენტში გუნდის გვერდით დგანან და თავს არასდროს იშურებენ.
გისურვებთ წარმატებებს, გემშვიდობებით და ყოველთვის “ტორპედოს” დიდი გულშემატკივარი ვიქნები!”.
ლაშა თაბაგარი





