კვარაცხელიას საუცხოო დებიუტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში

0
15

ხვიჩა კვაარცხელიამ აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, რომელიც ასეთი ფორმატით პირველად ტარდება საუცხოოდ დაიწყო.
ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პსჟ ქალაქ პასადენაში B ჯგუფის პირველ მატჩში მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდა და 4:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
შეხვედრის დასაწყისში მეტოქის საჯარიმოში გახსნილმა კვარაცხელიამ თავით კარგაფდ ვერ დაარტყა ნუნუ მენდეშის პასის შემდეგ. ცოტა ხანში, მან მადრიდელთა საჯარიმოში ბურთი ერთი შეხებით დაამშავა და შემოტრიალებით მარცხენა ფეხით კარში გაგზავნა, მაგრამ იან ობლაკმა დამაჯერებლად ითამაშა.
მე-19 წუთზე კვარაცხელიამ „ატლეტიკოს“ საჯარიმოში ბურთი კარისკენ ზურგით მდგომმა მიიღო რამდენიმე მცველის გარემოცვაში და პასი ფაბიან რუისს გაუკეთა, რომელმაც დაახლოებით 18 მეტრიდან მეკარისკენ მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე პსჟ-ს შეტევა კვარაცხელიამ დაიწყო და დროული პასი გაუკეთა ვიტინიას, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 2:0.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში კვარაცხელიამ ბურთი ესპანელთა ნახევარზე მიიღო და მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეწეულმა შორეულ კუთხეშ დაარტყა – ობლაკი ხელთ ტყავის სფეროს შეეხო, რომელიც ზედა ძელს მოხვდა.
კვარაცხელია 72-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მადრიდელები 78-ე წუთზე მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რადგან კლემან ლენგლემ მსაჯთან საუბრისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
87-ე წუთზე მცველების დასახმარებლად საჯარიმოში ჩასულმა გრიზმანმა ვერ მოიგერია კარგად ბურთი, რომელიც მაიულუს მიუვიდა და პარიზელმა ფეხბურთელმა „ატლეტიკო“ კიდევ ერთხელ დაამწუხრა – 3:0. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე მადრიდელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კანინ ლიმ გამოიყენა – 4:0.
პსჟ-მ 2025 წელს 105 გოლი გაიტანა, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო მაჩბენებელია. „ატლეტიკო“ ოთხბურთიანი სხვაობით ფრანგულ გუნდთან პირველად დამარცხდა. შეხვედრას 80169 მაყურებელი დაესწრო, რაც ორივე გუნდისთვის მიმდინარე სეზონში რეკორდია.
B ჯგუფის მეორე თამაშში ბრაზილიის „ბოტაფოგომ“ „სიეტლ საუნდერსს“ 2:1 აჯობა. პსჟ მომდევნო მატჩს სწორედ „ბოტაფოგოსთან“ გამართავს 20 ივნისს.
ლაშა თაბაგარი