საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძეს მიაჩნია, რომ ზედიზედ მესამე ზაფხული საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა დიდი სტაბილურობის მაჩვენებელია, რომლისთვის ყოველ დღე შრომობენ. მან ამის შესახებ ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთთან ხვალ გასამართ პირველ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვიც ესწრებოდა.
რამაზ სვანაძე: “ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უკვე მეორედ ვართ ევროპის ჩემპიონატზე, როგორც ახალგაზრდული ნაკრები, ასევე, ზედიზედ მესამე ზაფხულია საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა. თუ გავითვალისწინებთ, შარშან ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატს. ეს არის დიდი სტაბილურობა, რომლისკენ ყოველდღიური შრომით მივდივართ. ამ სტაბილურობაში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, საერთო საქმე კეთდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტაბილურობა შენარჩუნდება და კიდევ უფრო წინ წავალთ, რადგან ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.
პირველ თამაშს ვთამაშობთ. ძალიან სასიამოვნო იყო აქამდე განვლილი გზა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის მეორე ევრ
ოპის ჩემპიონატია, სულ სხვა გემო აქვს საკუთარი შრომით, საკუთარი ნერვებით, დიდი ბრძოლებით, მოპოვებულ საგზურს. ჩვენი საკუთარი ხელით მოპოვებული საგზური სულ სხვაა, როგორც ემოციურად, ასევე გუნდს ზრდის, რადგან ეს ნიშნავს, რომ მას უკვე ბევრი ბრძოლა აქვს გამოვლილი. ხვალ ველოდები იმ გუნდის ხილვას, რომელსაც ვიცნობ, თავისი კონკრეტული მიმართულებებით, ფილოსოფიით, იდენტობით, მენტალური მახასიათებლებით, რადგან არასდროს გვაკლდა ბრძოლისუნარიანობა, მენტალური მხარეები ჩვენში ყოველთვის ჭარბად იყო.
გოგლიჩიძის და უგრეხელიძის არყოფნა დიდი დანაკლისი, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მათ საკუთარი წვლილი და როლი ჰქონდათ იმ წარმატებაში, რამაც აქ მოგვიყვანა. ხვალ მოედანზე გამოჩნდება, როგორ გადავეწყობით. მცირე დრო გვქონდა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მზადყოფნაში შევხვდეთ ამ ყველაფერს. გუნდისგან ერთადერთი, რასაც ვითხოვ, გუნდურობაა, რადგან ეს აბალანსებს ინდივიდების გამოკლებას. გულდასაწყვეტია, დიდი დანაკლისია, მაგრამ ჩემი გუნდის იმედი ყოველთვის მქონდა.
პოლონეთი სერიოზული და ძლიერი მეტოქეა. დაბალანსებული გუნდია, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი გეგმა გვაქვს, რომლის რეალიზებას ვეცდებით. გეგმა ყოველთვის ერთი და იგივეა – ნებისმიერ თამაშში დადებითი შედეგის მიღწევა. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მეტოქე, ეს ყოველთვის ასე იყო და ასე დარჩება, არაფერი იცვლება. მენტალურად არაფერი შეცვლილა და ხვალ მოედანზე დადებითი შედეგის დაფიქსირებას ვეცდებით.
მინდა, ვილის წარმატებები ვუსურვო, ასევე მინდა, ხვიჩას ჩემი და მთელი გუნდის სახელით მოვულოცო ეს წარმატება, აგრეთვე, მერაბ დვალიშვილს. ვისურვებ, რომ ივნისი ისე დაგვემთავრებინოს, როგორც ჩვენ გვაქვს ჩაფიქრებული, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კეთდებოდა, კეთდება და გაკეთდება, რომ ძალიან ღირსეულად წარმოვაჩინოთ თავი.
დარწმუნებული ვარ, ბედოშვილი ამაზე ყოველთვის ოცნებობდა, მაგრამ წარმოდგენაც გაუჭირდებოდა, როდესაც მესამე ლიგაში თამაშობდა, რადგან დიდი დრო არ არის ამ ყველაფრიდან გასული. ყოველთვის ვამბობთ, რომ ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და ეს ამის ნათელი მაგალითია. მის საფეხბურთო უნარებზე უკვე გვქონდა ინფორმაცია. ეროვნულ ლიგაშიც საკმაოდ კარგად ითამაშა, დავინტერესდით მისი პიროვნული თვისებებითაც, დადებითი პიროვნებაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ გაჩერდეს.
მისთვის ეს ძალიან დიდი მოვლენაა, პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, თუმცა სავარჯიშო პროცესში ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. მთავარი იყო გუნდში მისი ინტეგრირება, რადგან ბიჭების უმრავლესობა დიდი ხანია ერთად მოდიან და ის სრულფასოვან წევრად მივიღეთ და ეს გვახარებს ყველაზე მეტად, რადგან ბედოშვილი ახლა ჩვენი ოჯახის წევრია.
საბა საზონოვი პროფესიონალია, დიდი სამუშაო გასწია, ჯერ ინდივიდუალურად და შემდეგ გუნდთან როცა დაიწყო ვარჯიში, რათა აქ ყოფილიყო. მან აქ ყოფნა დაიმსახურა, დანარჩენი უკვე პროცესში გამოჩნდება.
ამ ორი წლის განმავლობაში 4 მცველით გვითამაშია. სქემის ცვლილება დამოკიდებულია კონკრეტულ თამაშზე, მეტოქეზე, შესაბამისად, არაფერს გამოვრიცხავთ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ვართ და კონკრეტულ შედეგზე ვფიქრობთ.
სქემის ადაპტირება მეტოქიდან გამომდინარე მოხდება, თუ რა დონის მეტოქესთან და კონკრეტულად, რას აკეთებს მოწინააღმდეგე, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. არაფერს გამოვრიცხავ. ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა თუ გვინდა, გუნდმა უნდა იცოდეს როგორც დაცვა, ასევე, პრესინგის თამაში, ყველაფრის გაკეთება და კონკრეტულ სიტუაციაზე ადაპტირდეს”.
ირაკლი აზაროვი: “ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაში მეორედ მიწევს. ასევე, სასიხარულოა, რომ საგზური საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოვიპოვეთ. იმავე შემართებით ვიქნებით, როგორც აქამდე ვიყავით და ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგისთვის. რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც მათი შეცვლა შეუძლიათ და ხვალინდელ თამაშში გამოჩნდება, ისინი რას წარმოადგენენ. ჩემთვის და ყველასთვის დიდი ტრამპლინი იქნება ასეთ ტურნირზე კარგად თამაში. რა თქმა უნდა, მეც გამოვიყენებ ამ ტურნირს, რათა ყველაფერი დადებითად იყოს და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება მომავალში”.
ევრო 2025 | მატჩების განრიგი
11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა 21:00
14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა 21:00
17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი 20:00
