19-წლამდელებმა მოლდოვაში მეორე მატჩიც წააგეს

0
8

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით მოლდოვის საერთაშორისო ტურნირზე მეორე ამხანაგურო მატჩი ადგილობრივ 20-წლამდელებთან ჩაატარა და პენალტების სერიაში დამარცხდა.
მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანებში მოლდოველებმა 5:4 მოიგეს. ჩვენი გუნდიდან თავისი შანსი რეზი დანელიამ, დავით ზაქარეიშვილმა, ნიკოლოზ ბოჭრიშვილმა და მეკარე გიორგი ყავლაშვილმა გამოიყენეს, ხოლო ნიკოლოზ ჩიქოვანმა ვერ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მაისურაძის გაწვრთნილებმა პირველი თამაში მასპინძელ 19-წლამდელებთან 1:2 წააგეს, ბოლო მატჩს კი 10 ივნისს სომეხ თანატოლებთან ჩაატარებენ.
19-წლამდელები მიმდინარე წლის 12-დან 18 ნოემბრამდე ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიაში ითამაშებენ, სადაც მასპინძლების გარდა, სერბეთსა და გიბრალტარს დაუპირისპირდებიან. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები 2026 წლის გაზაფხულზე ელიტ-რაუნდში იასპარეზებენ.
ლაშა თაბაგარი