საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ ხვალ კაბო-ვერდესთან ამხანაგურ მატჩში შედეგი მნიშვნელოვანია. ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ დღეს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვილი სანიოლი: “კაბო ვერდე ფარერის კუნძულებთან შედარებით ბევრად უფრო ძლიერი გუნდია, რთული თამაში გველის და მოთამაშეებსაც უფრო მეტის ჩვენება მოუწევთ, ვიდრე პირველ ამხანაგურ შეხვედრაში. მიუხედავად იმისა რომ სატესტო თამაშებია სახლში ვთამაშობთ და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. ჩვენი საუკეთესო შეხვედრა უნდა ჩავატაროთ.
რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებმაც ხუთშაბათს ითამაშა, მინდა, რომ კიდევ ერთხელ დავაკვირდე და ვისაც არ უთამაშია ამის შანსი მიეცემათ. რასაც ყოველთვის ვცდილობ ის არის, რომ ახალი ფეხბურთელები გამოვცადო. თუმცა ამხანაგური მატჩის სტატუსის მიუხედავად, შედეგიც ძალიან მნიშვნელოვანია.
ივნისი ფეხბურთელებისთვის რთული პერიოდია, მაგრამ შეკრებაზე გამოძახებული მოთამაშეების მიდგომით კმაყოფილი ვარ. მათ დამოკიდებულებაში დისციპლინა და ამბიცია იგრძნობა. საერთოდ, 2022 წლის ერთა ლიგიდან მოყოლებული, ნაკრებში შექმნილი ატმოსფეროთი კმაყოფილი ვარ.
მატჩის მასპინძელი ქალაქის შერჩევაში არ ვმონაწილეობ, მაგრამ ეროვნული ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის და ფედერაციის სტრატეგიაა, რომ რეგიონებშიც ვითამაშოთ, ქუთაისში თამაშის დანიშვნა მეც ძალიან მომწონს.
ფაარერებთან პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვერ დავრჩი. მთავარია, შეცდომები ხვალ აღარ გავიმეოროთ, ვიმეორებ, კაბო ვერდე უკეთესი გუნდია და მასთან წარმატების მისაღწევად მეტი კონცენტრაციაა აუცილებელია”.
გიორგი გოჩოლეიშვილი: “რა თქმა უნდა, ქუთაისში დაბრუნება და თამაში როგორც ნაკრებისთვის, ისე პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კარიერა სწორედ ამ ქალაქში დავიწყე. ამიტომ ქუთაისში თამაში განსაკუთრებით სასიხარულოა.
შევეცდებით, გულშემატკივარს კარგი შეხვედრა ვაჩუქოთ და მოედნიდან გახარებულები გავუშვათ. სანაკრებო შეკრებაზე რომ ჩამოდიხარ, გადაღლის ფაქტორი უკანა პლანზე გადადის, შენი ქვეყნის მაისურით თამაში ყველაფერს გავიწყებს.
საქართველოსა და კაბო-ვერდეს ამხანაგური მატჩი “რამაზ შენგელიაზე” 20:00 საათზე დაიწყება.
