ესპანეთი ზედიზედ მესამედ ფინალშია – წინ პორტუგალიაა

0
25

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გამართულ ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპიდა და 5:4 დაამარცხა.
შეხვედრის 22-ე წუთზე ესპანელების შეტევის დროს ლამინ იამალმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში მიკელ ოიარსაბალი მოძებნა, რომელმაც კორპუსით ბურთი კარგად დაფარა და პასი ნიკო უილიამსს მისცა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0. 25-ე წუთზე მიკელ მერინომ „კედელი“ ოიარსაბალთან გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ გასულმა გაიტანა – 2:0.
54-ე წუთზე ლამინ იამალი ფრანგების საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა პენალტი დადო, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა – 3:0. 59-ე წუთზე ესპანელი მცველი თავის საჯარიმოში მბაპეს ეუხეშა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ფრანგების კაპიტანმა გამოიყენა – 3:1.
55-ე წუთზე ნიკო უილიამსმა პასი არ დაუგვიანა საჯარიმოში გახსნილ პედრის, რომელიც მეკარესთან მარტო დარჩა და ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 4:1. 67-ე წუთზე პედრო პორომ მარჯვენა ფლანგიდან ფრანგების საჯარიმოში იამალი მოძებნა, რომელიც ვარდნაში ბურთი „ჭვინტით“ მიწვდა და კარში გადაგზავნა – 5:1.
ესპანელებს თითქოს საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა, მაგრამ ფრანგებმა ბოლომდე იბრძოლეს და კინაღამ შეხვედრა გადაარჩინეს. 79-ე წუთზე მბაპეს პასის მერე, ნაკრების დებიუტანტმა რაინა შერკიმ ბურთი საჯარიმოს წინ მიიღო და მიწაზე დაუშვებლად კარში ეფექტურად გაგზავნა – 5:2. მბაპე 31 საგოლე გადაცემით საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ასისტენტი გახდა.
84-ე წუთზე მალო გუსტომ მარჯვენა ფრთიდან ესპანელების საჯარიმოში ჩააწოდა და მცველმა ვივიანმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა – 5:3. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შერკიმ ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში კოლო მუანის, რომელმაც თავით ესპანელების კარი აიღო – 5:4.
ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილი ევროპის მოქმედი ჩემპიონი 8 ივნისს მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ფინალში პორტუგალიას შეხვდება. ესპანელებმა განვლილი ორი ფინალიდან ერთი წააგეს – 2021 წელს საფრანგეთთან 1:2. ესპანეთს ზედიზედ 19 მატჩი არ წაუგია – 15 გამარჯვება და 4 ფრე.
ბოლო 112 წლის მანძილზე იამალი პირველი ევროპელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ნაკრებში 6 გოლი მანამდე გაიტანა, ვიდრე 18 წლის გახდებოდა. 1913 წელს ბელგიელმა ფერნან ნისოტამ 7 ბურთი შეაგდო.
საფრანგეთმა ერთ მატჩში 5 გოლი 1969 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. 1069 წლის 12 მარტს ფრანგები ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისთან 0:5 დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი